ევროკავშირის ახალი პროგრამა მეწარმეებს საბანკო ტვირთს შეუმსუბუქებს

"პროგრამა შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებას ექვემდებარებიან"

ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ადგილობრივი სამეწარმეო საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ევროკავშირი ქართველ მეწარმეებს როგორც საკონსულტაციო, ასევე საგრანტო პროგრამებით ეხმარება. მათ რიცხვს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის კიდევ ერთი პროგრამა შეემატება, რომლის მიზანიც მეწარმეებისთვის საკონსულტაციო ხასიათის დახმარების გაწევა და საბანკო-საკრედიტო ტვირთის შემსუბუქება იქნება. უფრო კონკრეტულად, რა სიახლეს გვთავაზობს ახალი პროგრამა, რა თანხებს მოიცავს და მეწარმეთა რა სეგმენტზეა გათვლილი, bpn.ge ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს, რომან კაკულიას დაუკავშირდა.

- ეს არ არის პირველი საგრანტო პროგრამა. მანამდე სამეწარმეო საქმიანობისთვის EBRD-ის აქაური ოფისი ახორციელებდა პროგრამას, რომელსაც ე.წ. "ისტ ინვესტი" ერქვა და კერძო ბიზნესის მსურველთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ისახავდა მიზნად. ამჯერად სიახლე არის ის, რომ ახალმა პროგრამამ ბანკებთან ურთიერთობის, საბანკო ტვირთის შემსუბუქების კომპონენტი დაიმატა. მას შემდეგ, რაც ჩვენს სახელმწიფო პროგრამებში გაჩნდა ისეთი პროგრამები, როგორიცაა ,,აგროკრედიტი", ,,აწარმოე საქართველოში", რამაც მეწარმეებს საბანკო ტვირთის შემსუბუქებაში შეუწყო ხელი, ეს გახდა იმის ქვაკუთხედი, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით თანადაფინანსებაზე წამოსულიყო. ამ ახალ პროგრამაში შენარჩუნებულია ის კომპონენტი, რასაც ჰქვია საკონსულტაციო ხასიათის მხარდაჭერა იმ ახალი გამოწვევების დასაძლევად, რა მოთხოვნებიც DCFTA-ის ფარგლებში მოეთხოვებათ კერძო კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად. კონსულტაციები უფრო გაფართოვდება და ყველაფერ ამას დაემატება ბანკებთან ურთიერთობაში იმ ტვირთის შემსუბუქება, რასაც არსებული საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.

- ანუ, საუბარია რისკების დაზღვევაზე და არა - პირდაპირი გზით შეღავათიანი კრედიტების გაცემაზე...

- ეს დახმარება თავისთავად შეღავათიანს ხდის კრედიტს. როცა პროგრამის ფარგლებში მოხდება რისკების დაზღვევა, პროგრამა შეღავათიანი გამოვა. კრედიტებს ბანკები გასცემენ. ეს არ იქნება პირდაპირი გასვლა რაიმე სახის კრედიტზე. თუმცა ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი შედეგია. ევროკავშირის პროგრამა საბანკო ტვირთს შეამსუბუქებს.

- რა თანხებზეა საუბარი და რა ვადებზე. ვის ექნება ამ პროექტით სარგებლობის შესაძლებლობა?

- პროგრამა შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებას ექვემდებარებიან. ამ სექტორის ამოქმედება პრიორიტეტულია. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონს შეადგენს და, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის შევა ძალაში. როგორც წესი, მსგავსი პროექტები ორ-სამ წელიწადს გრძელდება ხოლმე. თუმცა ზუსტად თქმა ძნელია. პროცედურები საკმაოდ გაწელილია და ხშირად არ ემთხვევა-ხოლმე ჩვენს მოლოდინებს. პროგრამა მხოლოდ დაანონსებულია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების და დაზუსტების პროცესში ვართ.

- დამწყებ მეწარმეებს თუ შეეხება პროგრამა?

- ეს საკითხი მოლაპარაკების საგანია. ასეთი დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის. ე.წ. საწყისი კაპიტალის თემა ყოველთვის პრობლემატურია, ვინაიდან მისი განგრძობადობის პერსპექტივა ბუნდოვანია და ამიტომ არავინ რისკავს. დამწყებ მეწარმეებს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, სანამ ისინი პირდაპირ ჩაერთვებიან საბანკო სექტორთან ურთიერთობაში. როდესაც უცხოელებთან საწყისი კაპიტალის დაფინანსებაზე მიდის ხოლმე საუბარი, ისინი ხშირად ამბობენ, რომ ეს არ არის სიცოცხლისუნარიანი. ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ მათი გასვლის შემდეგ, დამწყები მეწარმეები დამოუკიდებლად გააგრძელებენ არსებობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფოს გარანტია ის პოლიტიკაა, რაც მან ,,აწარმოე საქართველოს" შემთხვევაში გამოიყენა. სტარაპი არ ფინანსდება, მაგრამ ახალი პროექტის ფარგლებში შევძლებთ თუ არა ამ ელემენტის გაჩენას, ეს მოლაპარაკების საგანია. შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ბევრი წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენოთ.

- მართალია, მეწარმისა და ბანკის ურთიერთობა ცალკე თემაა, მაგრამ რადგან პროგრამა ამ კონტექსტსაც მოიცავს, გკითხავთ - რა არის ძირითადი სირთულე მეწარმისა და ბანკის ურთიერთობაში?

- კლიენტისა და ბანკის ურთიერთობა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა პრობლემატური. მას შემდეგ, რაც ერთი ფორმაციიდან მეორეში გადავედით და პრივატიზაციით გადანაწილდა მიწა თუ ქონება, ეს ადამიანები პირდაპირ შევატოვეთ საბანკო სექტორს. მხოლოდ მცირე ჯგუფმა შეძლო სრულიად ახალი მდგომარეობის ფარგლებში ლავირება. დანარჩენები ჩატეხილი ხიდის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათი დახმარების თითქმის ყველა მცდელობა უშედეგო იმიტომ აღმოჩნდა, რომ მთავარი ამ ხიდის აღდგენა იყო. თუმცა, ამავდროულად, სარისკოც. რეანიმაციაში მყოფ ადამიანს სისხლს მის გადასარჩენად უსხამენ, მაგრამ, თუ ამ ჩარევის შემდეგ ორგანოებმა დამოუკიდებლად ვერ იმუშავეს, სისხლის გადასხმა აზრს კარგავს. ჩვენს რეალობაში სისხლის გადასხმის ფუნქცია აქვს იმ ხიდს, რომელიც საბანკო კრედიტის თანადაფინანსებაში გამოიხატება. ამ გზით ჩვენ უნდა შევავსოთ ამოვარდნილი რგოლი მცირე მეწარმესა და ბანკს შორის. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ დროებითი ღონისძიებებია, რათა მეწარმეები დადგნენ ფეხზე და შემდგომში დამოუკიდებლად გააგრძელონ საბანკო სექტორთან ურთიერთობა.

ნონა ბურნაძე