თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურმა 485 493 ლარის დაფინანსება გასცა

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 485 493 ლარის დაფინანსება გასცა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის აუცილებელი სხვადასხვა საჭიროებების დასაფინანსებლად, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მიმდინარე კვირას 485 493 ლარის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. აქედან, საქართველოში სამკურნალოდ 365 644 ლარი, ხოლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ - 119 849 ლარი გაიცა.

მერიის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის კომისიამ შესული 273 განცხადებიდან 227 მოთხოვნა ნაწილობრივ, ან სრულად დააფინანსა. მათგან 16 განაცხადი საზღვარგარეთის კლინიკებში სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ეხება.

როგორც მერიაში განმარტავენ, დაავადებათა კლასის მიხედვით, მოთხოვნებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი ავთვისებიან სიმსივნეებზე მოდის - 106, აქედან 89 შემთხვევა ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა და 214 739 ლარი გაიცა. მომდევნო ადგილზეა სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები - 45 მოთხოვნა, საიდანაც ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა - 32 და გაიცა 61 228 ლარი, მესამე ადგილზე ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებებია - 35 მოთხოვნა, ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა 32 განაცხადი და 48 778 ლარი გაიცა.

მათივე განცხადებით, კომისიის მიერ განხილული მოთხოვნებიდან ნაწილობრივ, ან სრულად დაფინანსდა: 105 ოპერაციიდან - 88; მედიკამენტებზე 80 მოთხოვნიდან - 65; ამბულატორიულ მომსახურებაზე - 14, სხივურ თერაპიაზე - 14 მოთხოვნიდან - 11. როგორც მერიაში აცხადებენ, კომისია მოქალაქეთა მოთხოვნებს "სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების" პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი 15 000 000 ლარია.