საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ში მონაწილეობს

22-24 თებერვალს მაროკოში, ტანჟერში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2023 გაიმართება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რიგით მე-19 ფორუმში 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600 დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, ფორუმზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს და ქართულ დელეგაციას კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს.

მათივე ცნობით, სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, რომელზეც აეროპორტების გაერთიანება USAID-ის მხარდაჭერით წარსდგება, წარმოდგენილი იქნება სტენდი, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საპრომოციო და ვიდეო მასალით.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 3 დღის განმავლობაში აეროპორტების გაერთიანებას 20-ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიასთან, პარტნიორ აეროპორტთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელთან.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყოველწლიურად უწყვეტად მონაწილეობს საავიაციო ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რომ დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით.

წლევანდელ ღონისძიებაზე გვაქვს სიახლე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე უფრო მასშტაბურად წარდგა - ერთობლივი სტენდით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო საავიაციო ფორუმზე საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იქნება წარმოდგენილი და მოხარულები ვართ, რომ ეს ორგანიზაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაა, რომელთანაც აეროპორტების გაერთიანება მრავალი წელია თანამშრომლობს და მისი ჩართულობით არაერთი პროექტი განუხორციელებია“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფორუმის პირველ დღეს შეხვედრები Easy jet-თან, Eurowings-თან, AIR Serbia-თან, Vueling-თან და თურქულ-გერმანულ ავიაკომპანია Sunexpress-თან გამართავს, რომელიც ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს.