„მაგნიტმა“ სუპერმარკეტები „გვირილა“ და „დეილი“ შეიერთა? - „განცხადება სამი ქსელის სახელით უახლოეს მომავალში გაკეთდება“

ჩათვალეთ, საცალო სავაჭრო ობიექტები 2 წელიწადში აღარ იქნება, ფაქტობრივად, ყველა ფრანჩაიზ მოდელზე გადადის. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„გამსხვილება ხდება, მაგალითად, წლის დასაწყისში 3 ბრენდული სუპერმარკეტი გაერთიანდა. ერთ-ერთმა კონკრეტულმა ქსელმა ორი ქსელი შეიერთა, თავისი ფრანჩაიზის მოდელის ქვეშ და რა თქმა უნდა, პირობები გაამკაცრა საკმაოდ,“ - აღნიშნა ჭყონიამ.

ჩვენი ინფორმაციით, საუბარია, „მაგნიტის“ ფრანჩაიზის ქვეშ სუპერმარკეტების „გვირილას“ და „დეილის“ გაერთიანებაზე.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ბიზნესპრესნიუსი“ „გვირილას“ მფლობელ ლაშა ჩოჩელსაც დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას ინფორმაცია გაერთიანების შესახებ არ უარყო და აღნიშნა, რომ „სამი ქსელის სახელით უახლოეს მომავალში გაკეთდება განცხადება - თუ რა დონის თანამშრომლობას გეგმავენ“.

რაც შეეხება სუპერმარკეტების მეწილეებს, რეესტრის მონაცემებით, სუპერმარკეტის „დეილის“ 51.5%-იან წილს დავით კუხალაშვილი, 37%-იან წილს ზურაბ ზაქარიაძე, 10%-ს რუსუდან მაისურაძე და 1.5%-იან წილს მარინა პეტრიაშვილი ფლობენ. „გვირილას“ 100%-იანი წილის მფლობელია მიალინა ხუციშვილი. ხოლო სუპერმარკეტების ქსელის „მაგნიტის“ 30%-იანი წილი შპს „ქისთოუნ ინვესთმენთს“ ეკუთვნის, 26.67%-ს ფლობს შპს „დოლნეი ქენსალთენთს“, 20.04%-იანი წილი - შპს „ჯიბისი ინვესტის“ მფლობელობაშია, 13.33%-იანი წილი - შპს „გუდ ფროდაქტს“ ეკუთვნის, 9.96%-ის მფლობელი კი - შპს „რითეილ ინვესთმენთსია“.

თაია არდოტელი