საგამოძიებო სამსახურმა ვეტექიმები დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და ყალბი ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოქმედი ვეტექიმები ხვიჩა ბიჭიაშვილი და მამუკა მჟავანაძე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ მოწმობა - ფორმა N2-ში, რასაც ადასტურებდნენ სამსახურებრივი ბეჭდებით და ასაღებდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული, გაურკვეველი წარმოშობის ხორცით ბაზარში მოვაჭრე პირებზე.

გარდა ამისა, ბრალდებულები ხორცს ამოწმებდნენ ყალბი ბეჭდით. შესაბამისად, ვეტერინარულად შეუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ხვდებოდა საქართველოში მოქმედ ხორცპროდუქტების სავაჭრო ქსელში.