მილიარდერი ბედუინი

უდაბნოში დაბადებული ბიჭის სახელს დღეს მონპელიეს რაგბის სტადიონი ატარებს

მილიარდერმა მოედ ალტრადმა ზუსტად არ იცის, რამდენი წლისაა. არცერთ მის საიდენტიფიკაციო დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული, როდის დაიბადა კიდევ ერთი ბიჭუნა სირიის უდაბნოში დასახლებულ ბედუინების ტომში. მაგრამ ზუსტად ახსოვს, რომ 4 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, მამამ კი მიატოვა. ბიჭუნას აღზრდა საკუთარ თავზე ბებიამ აიღო, რომელიც კატეგორიულად უშლიდა მოედს სკოლაში სიარულს. თუმცა, პატარა ბიჭუნა მაინც ახერხებდა მალულად მეცადინეობას და ბოლოს იმდენი შეძლო, რომ საფრანგეთში სწავლის სტიპენდია მოიპოვა. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩასულმა მოედ ალტრადმა დაბადების წელი თავად "აირჩია" და არჩევანი 1948 წელზე შეარჩია, დაბადების დღის თარიღი კი მოგვიანებით შვილებმა შეურჩის - ქუდში ჩაყრილი რამდენიმე ციფრიდან ერთი ამოიღეს და ასე გადაწყდა მამისთვის დაბადების დღის მილოცვა ყოველი წლის 9 მარტს. უდაბნოში დაბადებული ბიჭის სახელი დღეს მონპელიეში თითქმის ყველამ იცის. რაგბის ადგილობრივი სტადიონის კედლებს მოედ ალტრადის სახელი ამშვენებს, ცოტა ხნის წინ კი თავად სტადიონსაც მისი სახელი ეწოდა. "უცნაურია, როგორც წესი, ობიექტებს ადამიანის სახელს მისი სიკვდილის შემდეგ არქმევენ", - თავადაც უკვირს.

ის, რომ მონპელიეს რაგბის სტადიონი სირიელი ბედუინის სახელს ატარებს, არ უკვირთ თავად ადგილობრივებს - 2011 წელს მონპელიეს მერმა ქალაქის მდიდარ ადამიანებს თხოვნით მიმართა, დახმარებოდნენ ფინანსური პრობლემების მქონე სარაგბო კლუბის Herault Rugby-ის 29 წლის წინ აშენებულ სტადიონს.  მოედ ალტრადი, რომელიც მანამდე ერთხელაც არ იყო ნამყოფი რაგბის მატჩზე, მერის თხოვნას გამოეხმაურა და გუნდი შეიძინა. მას მერე, კლუბის ახალი მფლობელი ყველა თამაშზე დადის, მის პიჯაკს კი საპატიო ლეგიონის წითელი ორდენი ამშვენებს, რომლითაც "მეორე სამშობლოში" 2005 წელს დააჯილდოვეს.

თუმცა, სირიის უდაბნოში დაბადებული მილიარდერის შემოსავლის მთავარი წყარო არა რაგბის კლუბი, არამედ სამშენებლო მასალის ბიზნესია, რომლის ასაწყობად თავის დროზე დიდი ძალისხმევა დასჭირდა. კომპანია "ალტრად ჯგუფი" ხე-ტყის მასალების გარდა, დამკვეთებს მონათესავე პროდუქტებსაც აწვდის - დაწყებული ცემენტის ასარევი მანქანებიდან, დამთავრებული ურიკებით. ოცი წლის განმავლობაში შემოსავლებისა და მოგების სტაბილური ზრდის შემდეგ, ბოლო ხუთი წელია ალტრადმა გაყიდვების ზრდის გაორმაგებას მიაღწია, რისი წყალობითაც დღეს კომპანიაში მისი წილი - 80% - დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ღირს. "ალტრად ჯგუფის" წარმოების კონსტრუქციები დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ევროპაში, სამშენებლო მოედნებსა და სამრეწველო რაიონებს ამშვენებს.

ესპანეთისა და იტალიის საზღვრებს შუა მოქცეულ, ხმელთაშუა ზღვის ქალაქ მონპელიეში მოედ ალტრადი 1969 წელს ჩავიდა. რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა ფრანგულს, თუმცა მონპელიეს უნივერსიტეტის ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტს გაჭირვებით ესმოდა, რას ლაპარაკობდნენ ლექტორები. მოედი ვერც იმას იფიქრებდა, რომ თავისი მწირი ფრანგულით ფრანგი თანაკურსელის მოხიბვლას ისე შეძლებდა, გოგონა მის ცოლობას დათანხმდებოდა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ბედუინების ტომის წარმომადგენელი ტექნოლოგიურ კომპანიებში ინჟინრად მუშაობდა, რისი წყალობითაც მალე საფრანგეთის მოქალაქე გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი კომპიუტერული მეცნერებების დოქტორის წოდება მოიპოვა. სატყეო-სამშენებლო ბიზნესში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთ ზაფხულს მეუღლის მშობლიურ ქალაქ ფლორანსაკში ისვენებდა. ერთ საღამოს იქაურმა მეზობელმა სამშენებლო ხე-ტყის მასალის წამგებიანი ბიზნესის შეძენა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ალტრადს მაშინ არაფერი გაეგებოდა ამ საქმის, გადაწყვიტა, რომ შეთავაზებას უნდა დათანხმებოდა და ბრიტანელ პარტნიორ, რიჩარდ ელკოკთან ერთად კომპანია "მეფრანი" შეიძინა. "ეს იყო ინტუიცია. ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ ეს საჭირო პროდუქცია იყო, რადგან ხე-ტყის მასალა ყველა სექტორშია საჭირო - მშენებლობაში, ნავთობგადამამუშავებელ წარმოებაში, აეროპორტებში. კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს ვუთხარი, რომ კომპანიაში ვაბანდები მთელ ფულს, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში დავაგროვე. უსიტყვოდ მენდნენ", - იხსენებს მოგვიანებით მილიარდერი ბედუინი.

ინტუიციას არ უღალატია - ერთ წელიწადში კომპანიამ მოგების მოტანა დაიწყო და შვილობილი პროექტები ჩაუშვა იტალიასა და ესპანეთში. დღეს "ალტრად ჯგუფს" მილიონობით კლიენტი და 7 ათასი თანამშრომელი ჰყავს. თუმცა, მონპელიეში განთავსებული სათავო ოფისი, სადაც თავად მოედ ალტრადი ზის, ყოფილ საჯინიბოშია განთავსებული. აქ დღეს მხოლოდ 25 თანამშრომელი მუშაობს, თავად ალტრადს კი პერსონალური ასისტენტიც არ ჰყავს. მსოფლიოს მასშტაბით კი "ალტრად ჯგუფს" 92 შვილობილი კომპანია ჰყავს.

ერთადერთი მოგონება, რაც წარსულთან აკავშირებს - მის კედელზე, ჩარჩოში ჩასმული წიგნია. ეს მისივე რომანი "ბედუინია", რომელიც 1994 წელს გამოსცა. "ამ წიგნში პრაქტიკულად მთელი სიმართლე გადმოვეცი. "ბედუინი" - არა მხოლოდ უნიკალური ისტორიაა ბედუინობიდან მილიარდერობამდე, არამედ მოთხრობა ადამიანზე, რომელიც ორ სამყაროს შორის აღმოჩნდება", - ამბობს მწერალი, ფიზიკოს-მათემატიკოსი და ბიზნესმენი. ის ხშირად წერს გამთენიისას, როცა დაძინებას ვერ ახერხებს. "ზოგჯერ ეს ძალიან რთულია. ვიღაც ამ დროს სპორტით არის დაკავებული, ვიღაც სიყვარულით, ვიღაც - სვამს. ჩემთვის კი ამ დროს ყველაზე აუცილებელი წერაა", - აღნიშნავს მილიარდერი.

2003 წელს ალტრადის წიგნმა ლიტერატურული პრემია მიიღო, 2012 წელს კი მონპელიეს აკადემიამ რეკომენდაცია გასცა რეგიონის სკოლებში ლიტერატურის კურსის სახით "ბედუინის" ჩართვის თაობაზე.

"როცა ადამიანები ამბობენ, რომ მათ წინაშე გადაულახავი წინააღმდეგობებია, ეს ნამდვილი კატასტროფაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თანაცხოვრება. ეს ომია. ეს არ არის ადამიანური. თუ გსურთ იცხოვროთ იქ, სადაც მშვიდობაა, უბრალოდ ილაპარაკეთ", - ამბობს მილიარდერი ბედუინი. ალტრადის შეხედულების გაზიარებას ურჩევს თანამემამულეებს საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრი და მისი ახლო მეგობარი ფრანსუა ლეოტარი. "როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი იზოლაციას, შიმშილს, ტანჯვას, დამცირებას, განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი გაქვს. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად, მისი ცხოვრება მის ახალგაზრდობაზე შურისძიებაა. ის ყოველთვის ჰორიზონტს მიღმა იყურება", - ამბობს ფრანსუა ლეოტარი.