ნინო კობახიძე: დარწმუნებული ვარ, EBRD-ის შეხვედრისთვის დახარჯული თანხების ამოღებას შევძლებთ

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ იმ თანხების ამოღებას, რისი დახარჯვაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისთვის ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ განუცხადა, რომელიც EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზებით უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის წევრია.

კობახიძის განმარტებით, ასეთი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არასდროს ჩატარებულა და სწორედ ამიტომ, ტურიზმის და საინვესტიციო გარემოს კუთხით დახარჯული თითოეული თეთრი ნამდვილად არის გამართლებული.  "უშუალოდ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს 1983 წლიდან არ ჩატარებია რეკონსტრუქცია. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ EBRD-ის ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ შენობაში გაიმართება. გარდა იმისა, რომ მისი ფასადური რეკონსტრუქცია ხდება, შენობის შიგნითაც მიმდინარეობს ინტერიერის შეკეთება და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ღონისძიების დასრულების შემდეგ ავტომატურად დარჩება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს. ასეთი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არასდროს ჩატარებულა. ველოდებით ბიზნესის 1 500-ზე მეტ წარმომადგენელს და 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას, მათ შორის ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს და რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც. ღონისძიების სათანადოდ ჩატარებისთვის მთავრობა სრულადაა მობილიზებული. დარწმუნებული ვარ, იმ 6 დღის განმავლობაში, როცა სტუმრები საქართველოში იქნებიან, ჩვენ შევძლებთ იგივე მოცულობის თანხების მიღებას, რომლის დახარჯვაც ხდება, ასევე ტურიზმისა და საინვესტიციო გარემოს კუთხით ნამდვილად გამართლებულია თითოეული თეთრის დახარჯვა", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის წევრებმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე აღნიშნული ღონისძიებისთვის მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპი დაათვალიერეს.