2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოდან რეზიდენტი მოგზაურების 688.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა - საქსტატი

2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 688.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 539 ათასი შეადგინა, რაც 2.5-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 291.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 65 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.4 პროცენტს შეადგენდა.

2022 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (41.7 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 289.4 ათასი და 96.6 ათასი ვიზიტი.

2022 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 97.2 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2022 წლის მე-4 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 531 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 985.2 ლარი შეადგინა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

თაია არდოტელი