EPAG-ის წევრები საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (US Government Exchange Program Alumni Association of Georgia – EPAG) მისი წევრების პოტენციურ დამსაქმებლებთან პროფესიული თანამშრომლობის ხელშემწყობ პირველ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიება ხვალ, 18:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართება, რომელზეც EPAG-ის წევრები საქართველოს ბაზარზე მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. პროფესიული თანამშრომლობის ხელშემწყობი ღონისძიება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საკონსულტაციო კომპანია ინსორსის მხარდაჭერით ტარდება. ორგანიზატორების განცხადებით, პროფესიონალების საჭიროება ქართულ სამუშაო ბაზარზე მუდმივად აქტუალურია, განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში. ასოციაციის წევრებს განათლება მიღებული აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე. ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს, ხელი შეუწყოს პოტენციური კადრებისა და დამქირავებლების შეხვედრას და ამ მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის პროგრესულ განვითარებაში.

"ღონისძიებაზე ადგილობრივი ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების შერჩევა და მოწვევა, ასოციაციასთან ერთად, საკონსულტაციო კომპანია "ინსორსმა" განახორციელა. ინსორსი საქართველოში წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. ღონისძიებაში მონაწილე კომპანიების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი იყო მათი პოტენციური ინტერესი ამერიკის მთავრობის გაცლითი პროგრამების მონაწილეთა მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) მზად არის ორგანიზება გაუწიოს მსგავსი ტიპის შეხვედრებს კიდევ რამდენჯერმე, წლის განმავლობაში. ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (US Government Exchange Program Alumni Association of Georgia – EPAG) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ 17-მდე პროგრამის ასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს.

ასოციაციის მისიაა აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში, მონაწილეობა მიიღოს როგორც უშუალოდ ქვეყნის, ისე აქტიური სამოქალაქო სექტორის გავითარებაში ასოციაციის წევრების პროფესიული განათლების, მათი სამუშაო გამოცდილების, კონსულტაციებსა და კვლევებში თანამონაწილეობის, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებთან კავშირების თუ სხვა ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით.