აზერბაიჯანული შოკოლადის ექსპორტში საქართველო, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა

აზერბაიჯანული შოკოლადის ექსპორტში 2022 წელს საქართველო, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. ინფორმაციას სამთავრობო მონაცემებზე დაყრდნობით „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში 678,5 ტონა აზერბაიჯანული შოკოლადი შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 1 956 მლნ დოლარი შეადგინა.

რუსეთში აზერბაიჯანიდან ოდნავ მეტი, 678,89 ტონა და, თითქმის, 1 720 მლნ დოლარის ღირებულების შოკოლადი იქნა ექსპორტირებული, რაც, 2021 წელთან შედარებით, 28,9%-ით ნაკლები მოცულობისა და 11,9%-ით ნაკლები ღირებულებისაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ექსპორტირებული მოცულობა მასშტაბით გაცილებით დიდი ქვეყნის, რუსეთის მიმართულებას მხოლოდ 40 ტონით ჩამოუვარდება. თუმცა ფულადი თვალსაზრისით საქართველოში, რუსეთთან შედარებით, აზერბაიჯანიდან 236 000 დოლარით მეტი შოკოლადი შემოვიდა.

აზერბაიჯანული შოკოლადის საექსპორტო მიმართულებებში საქართველომ გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. საუდის არაბეთი მესამე ადგილზეა, სადაც აზერბაიჯანიდან 1 463 მლნ დოლარის 508 ტონა, ხოლო გაერთიანებულ საემიროებში 1 207 მლნ დოლარის ღირებულების 470 ტონა შოკოლადი იქნა ექსპორტირებული.

მთლიანობაში, აზერბაიჯანმა შოკოლადის ექსპორტი გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, 74%-ით გაზარდა, რომლის საერთო მოცულობამ 4 539 ტონა შეადგინა. ექსპორტირებული შოკოლადის მთლიან ღირებულებას ქვეყნის მთავრობა 11 790 მლნ დოლარზე მეტად აფასებს, რაც 2021 წელზე 2,1-ჯერ მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ