რა მდგომარეობაა სასტუმროების ბაზარზე საქართველოში

Colliers International-ის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2015 წელს 6 მილიონს მიაღწევს

საერთაშორისო კვლევითმა კომპანია Colliers International-მა საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის მასშტაბური კვლევა ჩაატარა. კვლევა პირველად ჩატარდა და ძირითადად აქცენტირებულია თბილისზე, რადგან კვლევის ავტორთა თქმით, ინვესტორების ფოკუსირება სწორედ დედაქალაქზე ხდება.

კვლევის ავტორებმა 6 სექტორი და 14 ყველაზე დიდი ქალაქი შეისწავლეს. "კოლიერსის" კვლევა შეეხო სასტუმროებს, სავაჭრო ფართებს, საოფისე ფართებს, საცხოვრებელ და სასაწაყობე ფართებს და გასართობ ბიზნესს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2003-დან 2013 წლის პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი წლიურად საშუალოდ 35%-ით - 300 000-დან 5,4 მილიონამდე გაიზარდა. "მიუხედავად იმისა, რომ ზრდა ნელდება, მოსალოდნელია, რომ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2015 წელს 6 მილიონს მიაღწევს. გაზრდილი მოთხოვნის წყალობით, საქართველოში იზრდება სასტუმროების საერთაშორისო ბრენდები და ბაზარზე ჩნდება ახალი ბრენდები, როგორებიც "ჰილტონი", "რიქსოსი" და Best Western არიან", - ნათქვამია "კოლიერსის" კვლევაში.

კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ხორციელდება სასტუმროების განვითარების პროექტები, მათ შორის წყალტუბოში, ყაზბეგში, ბაკურიანსა და გუდაურში.

"ჩარტერული ფრენების გაზრდილი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების რაოდენობას, ეს კი მოთხოვნისა და სასტუმროების დატვირთვის გაზრდას გამოიწვევს. ასე რომ, საქართველოს მთავრობამ უნდა წაახალისოს ჩარტერული ფრენები", - ნათქვამია "კოლიერსის" კვლევაში. კვლევის თანახმად, თბილისიდან მოშორებით (ბორჯომი, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, სტეფანწმინდა, მცხეთა, წყალტუბო) მდებარე სასტუმროებში საცხოვრებელი ერთეულის, ოთახებისა და საწოლების ზრდამ 2014 წელს შესაბამისად, 8%, 11% და 12% შეადგინა. "საშუალო დღიური ფასით პირველ ადგილზეა ყვარელი (100 დოლარი), სასტუმროების დატვირთვით კი სტეფანწმინდა (70%)", - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება ზამთრის კურორტების სასტუმრო ბაზარს, "კოლიერსის" კვლევის თანახმად, 2011 წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე სასტუმროს სტუმართა რაოდენობის ზრდამ ყველაზე დიდ მაჩვენებელს მიაღწია - 133%, მესტიაში ტურისტთა დაახლოებით 14-ჯერ გაზრდის წყალობით.

"საერთო ჯამში, ზამთრის კურორტებზე 144 საცხოვრებელი ერთეულია, რომელიც 2 056 ოთახსა და 5, 127 საწოლს სთავაზობს მომხმარებელს. 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს საცხოვრებელი ერთეულების, ოთახებისა და საწოლების რაოდენობა შესაბამისად, 7%, 11% და 7%-ით გაიზარდა. ზამთრის კურორტებს შორის საშუალო დღიური ფასითა და საცხოვრებელი ერთეულების დატვირთვით ლიდერი გუდაურია (78 დოლარი, 44%), რომელსაც მესტია (58 დოლარი, 39%) და ბაკურიანი (58 დოლარი, 34%) მოსდევს", - ნათქვამია "კოლიერსის" კვლევაში. კვლევის თანახმად, საქართველოს საზაფხულო კურორტებზე (ქობულეთი, გონიო, კვარიათი, სარფი, ჩაქვი, ანაკლია, ურეკი) 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, საცხოვრებელი ერთეულის რაოდენობა 73-დან 82-მდე გაიზარდა, ოთახებისა და საწოლების რაოდენობა 25%-ით, საწოლებისა კი 31%-ით. "ყველაზე მეტად დატვირთული ქობულეთი და ჩაქვია (21%), თუმცა საშუალო დღიური ფასის მიხედვით, ბოლო ადგილზე არიან. ამ მხრივ პირველ სამეულში გონიო, კვარიათი და სარფი არიან - 62 დოლარი", - ნათქვამია კვლევაში.

როგორც "კოლიერსის" კვლევაშია აღნიშნული, ბათუმში სასტუმროს ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2009 წლიდან მოყოლებული, თუმცა გასულ წელს შემცირდა. კვლევის თანახმად, ბათუმში საცხოვრებელი ერთეულის რაოდენობა 2013 წელთან შედარებით, შარშან 29-ით გაიზარდა, ოთახებით - 873-ით, საწოლების კი 1 772-ით. "დატვირთვის მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ადგილობრივი მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროები (54%), საერთაშორისო სასტუმროები კი 40%-ით. საშუალო დღიური ფასით ყველაზე ძვირი საერთაშორისო მაღალი კლასის სასტუმროებია - 139 დოლარი, ადგილობრივი მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროების საშუალო დღიური ფასი კი 90 დოლარს შეადგენს, რაც ალბათ საერთაშორისო სასტუმროების მაღალი ფასით არის განპირობებული", - ნათქვამია "კოლიერსის" კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2014 წელს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ერთეულების რაოდენობა 17-ით, ოთახების - 555-ით, საწოლების კი 1 385-ით გაიზარდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2015 წელს თბილისში ხუთი სასტუმროს მშენებლობა დასრულდება, რომელიც მიწოდებას 484 ოთახით გაზრდის. "თბილისში ყველაზე მეტად დატვირთული საერთაშორისო საშუალო კლასის ბრენდული სასტუმროებია (75%), რომელსაც მოსდევს საერთაშორისო მაღალი კლასის ბრენდები - 74%. საშუალო დღიური ფასის მაჩვენებელი კი პირიქით არის - ლიდერობს საერთაშორისო მაღალი კლასის სასტუმროები (203 დოლარი), საერთაშორისო საშუალო კლასის სასტუმროებში კი ეს მაჩვენებელი 127 დოლარია", - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, საქართველოში ვიზიტორთა დაახლოებით 60% სასტუმროს ტიპის საცხოვრებელსა და დაქირავებულ ბინაში ჩერდება. საერთო ჯამში, უცხოელი ვიზიტორების 43% სასტუმროებს ამჯობინებს, 34% - კერძო სახლებში ან მეგობარ-ნათესავებთან რჩება.