Nokia-მ ახალი სტრატეგია და კომპანიის ლოგო წარადგინა

26 თებერვალს ფინურმა სატელეკომუნიკაციო პროდუქციის მწარმოებელმა Nokia-მ ახალი ლოგო და განვითარების სტრატეგია წარადგინა, როგორც კომპანიის გრძელვადიანი ტრანსფორმაციის გეგმის ნაწილი. ამის შესახებ აღნიშნულია Nokia-ს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

„დღეს ჩვენ გიზიარებთ ჩვენს განახლებულ კორპორატიულ და ტექნოლოგიურ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია ქსელების პოტენციალის გაშლაზე - შევქმნათ მომავალი, სადაც ქსელები ხვდებიან ღრუბლოვან ტექნოლოგიებს“, - აცხადებს Nokia-ს აღმასრულებელი დირექტორი პეკა ლუნდმარკი.

განახლებული ტექნოლოგიური სტრატეგია დეტალურად აღწერს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქსელები Metaverse-ის ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად.

რაც შეეხება ახალ ლოგოს, ის შედგება ხუთი ფორმისგან, რომლებიც ქმნიან სიტყვა Nokia-ს და წარმოდგენილია ღია ცისფერ და თეთრ ფერებში. „ეს ლოგო შეიქმნა, როგორც თანამშრომლობის სიმბოლო, რასაც Nokia-ს აზრით, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქსელების ექსპონენციალური პოტენციალის რეალიზაციისთვის: გააუმჯობესოს მდგრადობა, წარმადობა და ხელმისაწვდომობა“, - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

Nokia აწარმოებს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას მობილური, ფიქსირებული, ფართოზოლოვანი და IP ქსელებისთვის. მისი აქციები განთავსებულია ფრანკფურტის, ნიუ-იორკისა და ჰელსინკის საფონდო ბირჟებზე.

კოკა კვირკველია