მთავრობა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისთვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების გაზრდის ინიციატივით გამოდის

მთავრობა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისთვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების გაზრდის ინიციატივით გამოდის.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილია “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით, შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელონ.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით მონეტარული ზღვარი 5 000 ლარამდეა განსაზღვრული.

როგორც მთავრობა განმარტავს, ცვლილებებით ელექტრონული ტენდერის მიმართ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და შესაბამისად, გამოქვეყნების საფასურის გადახდა, რაც 50 ლარს შეადგენს, სავალდებულო აღარ იქნება.

“ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შემსყიდველ ორგანიზაციებზე. შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (მისი შემცირების კუთხით), ასევე შესაძლოა დაიზოგოს შემსყიდველი ორგანიზაციების ადამიანური რესურსი“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.