პრემიერის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ საღამოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება; დაწესდება შეღავათები ავტოიმპორტიორებისთვის, რაც მათ გადასახადს საშუალოდ 1000 ლარით შეუმცირებს; საქართველოში ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ; ასევე, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები გაფორმდება - ომანთან, ლიბანთან, ლიხტენშტაინთან, კვიპროსსა და მაროკოსთან, რაც გაზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

მათივე ინფორმაციით, კანონის პროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება. ეკონომიკურმა საბჭომ სხდომაზე ასევე მოისმინა ინფორმაცია 2015 წლის ზაფხულში ბათუმში დაგეგმილი ტურისტული ღონისძიებების შესახებ, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განახორციელებს.