გაუტამ ადანის კომპანიების ღირებულება 1 თვეში 145 მილიარდი დოლარით შემცირდა

გაუტამ ადანის ბიზნეს იმპერიამ, Hindenburg Research-ის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შემდეგ, სულ რაღაც ერთ თვეში 145 მილიარდი დოლარი დაკარგა, ეს კი 60%-იანი კლების მაჩვენებელია.

თავად ადანი Forbes-ის მილიარდერთა სიის საუკეთესო ხუთეულიდან სულ რამდენიმე დღეში ჩამოქვეთდა და ამჟამად ოცეულს მიღმა, Forbes-ის მილიარდერთა სიაში 30-ე ადგილზეა 33.4 მილიარდით. ამასთან, ადანიმ აზიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსიც დაკარგა.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Hindenburg Research და მის უკან მდგარი აქტივისტი, ნათან ანდერსონი, 2-წლიანი გამოძიების საფუძველზე, ადანის კონგლომერატს ადანაშაულებს აქციებით მანიპულაციასა და მულტიმილიარდიან თაღლითობაში.

ადანის კონგლომერატის წარმომადგენლები Hindenburg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "შერჩევითი დეზინფორმაციის, ძალადაკარგული, უსაფუძვლო და სამარცხვინო ბრალდებების მავნე კომბინაციად" მიიჩნევენ.

გაუტამ ადანიმ უკვე დაიქირავა უოლ სტრიტის ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული ფირმა Wachtell-ი Hindenburg Research-ის ბრალდებების საპასუხოდ და ინვესტორების თვალში შელახული ბიზნეს იმპერიის რეპუტაციის აღდგენისთვის ბრძოლას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ გაუტამ ადანიმ საკუთარი ბიზნეს იმპერიის შექმნას, რომელიც ენერგიის, აგრობიზნესის, უძრავი ქონებისა და თავდაცვის სექტორებს მოიცავს, 4 ათწლეული მოანდომა. გასულ წელს მისი კომპანიები ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგით გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ მთლიანად აზიის მასშტაბით. მილიარდერს ახლო ურთიერთობა აქვს ინდოეთის პრემიერთან, ნარენდრა მოდისთან და მისი ამბიციური მიზნები მთავრობის პრიორიტეტებთანაც თანხვედრაშია.

რაც შეეხება ნათან ანდერსონის Hindeburg-ს, რომელიც ტექნიკურად კვლევით და სავაჭრო კომპანიად ითვლება, სულ რაღაც 5-წლიანი ისტორია აქვს და დიდი რეპუტაციით არ სარგებლობს, თუმცა საკუთარი სახელის დამკვიდრება ცნობილ კომპანიებზე იერიშების მიტანით უკვე მოახერხა.

კახი ჩაკვეტაძე