2019-2022 წლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე 6 671 ერთეული უძრავი ქონება გაყიდა

2019-2022 წლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე სულ 6 671 ერთეული უძრავი ქონება გაყიდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობამ 1984 ერთეული შეადგინა.

რაც შეეხება გამოთხოვილ ინფორმაციას, 2019-2022 წლებში რამდენი ფიზიკური და იურიდიული პირის რა ოდენობის უძრავი ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, ასევე, 2019-2022 წლებში რა ოდენობის თანხა შეადგინა ფინანსური ინსტიტუტებისთვის გაყიდული ქონებების შემოსავალმა და რა ოდენობის სარგებელი მიიღო სახელმწიფომ გაყიდული ქონებებიდან, „ინტერპრესნიუსის“ კითხვებზე სააგენტოში განაცხადეს, რომ მსგავს სტატისტიკურ ინფორმაციას არ ამუშავებენ.

„ინფორმაციის დამუშავება არ ხორციელდება იმგვარად, რომ გაიმიჯნოს მონაცემები 2019-2022 წლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რამდენი ფიზიკური და იურიდიული პირის უძრავ ქონებას დაადო ყადაღა და მათგან რამდენი გავიდა ელექტრონულ აუქციონზე სარეალიზაციოდ, ასევე ინფორმაცია 2019-2022 წლებში აუქციონზე რეალიზებული ქონების შედეგად ამოღებული თანხიდან, რა ოდენობის თანხა იქნა გადარიცხული ფინანსური ინსტიტუტებისთვის და რა ოდენობის სახელმწიფოსთვის.

ამასთან გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წელს რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობამ შეადგინა 1620 ერთეული, 2020 წელს რეალიზებული იქნა 1452 ერთეული, 2021 წელს 1615 ერთეული, ხოლო 2022 წელს 1984 ერთეული უძრავი ქონება“, - აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.