ბანკომატებიდან თანხების მითვისების ბრალდებით მოლდოვის მოქალაქე დააკავეს

თბილისში ბანკომატებიდან თანხების მითვისების ბრალდებით მოლდოვას მოქალაქე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე ვიტალი ბორტა დააკავა.

"დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 31 მარტსა და 01 აპრილს, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბანკომატზე დაამონტაჟა პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. "სკიმერი" და მოქალაქეების მიერ ბანკომატით სარგებლობისათვის გამოყენებული პაროლის დასაფიქსირებელი ვიდეო-აუდიო სათვალთვალო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შემდგომში თანხების მითვისების მიზნით, უკანონოდ მოიპოვა საბანკო პლასტიკური ბარათების ელექტრომაგნიტურ ზოლზე დატანილი პერსონალური მონაცემები, უნიკალური კოდი და ბარათის სარგებლობისათვის საჭირო პაროლი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილით და 285-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 6 წლამდე ვადით.