TikTok-ის გამოყენება აშშ-ის შემდეგ კანადელ ოფიციალურ პირებსაც აეკრძალათ

კანადის მთავრობა 1-ლი მარტიდან სამთავრობო მობილურ მოწყობილობებზე ჩინურ სოციალურ ქსელ TikTok-ის გამოყენებას უსაფრთხოების მიზნით აკრძალავს. ინფორმაციას გაზეთი The National Post-ის ელექტრონული ვერსია ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ოფიციალური ოტავა ამის შესახებ დღეს გამოაცხადებს, რის შემდეგაც საჯარო მოხელეთა ოფიციალურ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის აპლიკაციები მოიხსნება. კანადის მთავრობის ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, TikTok-ის აპლიკაციის მონაცემთა შეგროვების ფუნქციამ მომხმარებლები შესაძლოა, კიბერშეტევებისგან დაუცველი გახადოს.

ახალი დირექტივა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გუშინ უკვე გაეგზავნათ.

გუშინვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოფიციალური პირების მობილური მოწყობილობებიდან TikTok-ის ამოღებაზე გადაწყვეტილება „კანადელების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ მიიღეს. ამასთან, პრემიერმა მოუწოდა კანადელებსა და ქვეყნის ბიზნესს, რომ ასეთი სამთავრობო სიგნალის შემდეგ ჩინური სოციალური ქსელის გამოყენებაზე საკუთარი გადაწყვეტილება მიიღონ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა აშშ-ის სამთავრობო უწყებებს სამუშაო მოწყობილობებიდან და სისტემებიდან აპლიკაცია TikTok-ის დეინსტალაციისთვის 30-დღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის, შალანდა იანგის მიერ უწყებებისთვის დაგზავნილ წერილში წერია, რომელიც Reuters-მა მოიპოვა. თუმცა ახალი წესები მხოლოდ სამუშაო ტექნიკას ეხება და ოფიციალური პირების პერსონალურ მოწყობილობებზე TikTok-ის დაყენება კვლავ ნებადართულია.

23 თებერვალს Euractiv წერდა, რომ კორპორატიული ტელეფონებიდან TikTok-ის ამოღება თანამშრომლებისგან ევროკომისიამაც მოითხოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ