”დანაშაულის დამტკიცების გარეშე 500 ათასი ლარი გადაგვახდევინეს”

”ვინც ჩვენს საქმეში აქტიურობდა, დღესაც ცნობილი პოლიტიკოსია, ზოგიერთი კი უფლებადამცველი გახდა”

”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამართლადამცავ ორგანოებს ასეულობით მოქალაქემ მიმართა, რომლებიც უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა მთავარი მათთვის შელახული ღირსებისა და სახელის აღდგენაა. სამწუხაროდ ბიზნესმენები, რომლებსაც წლების განმავლობაში ართმევდნენ კუთვნილ ქონებას, აპატიმრებდნენ და ატერორებდნენ, თავიანთი სიმართლის დამტკიცებას დღემდე ამაოდ ელიან. მათ შორის არიან შპს ”ავტოსერვის ცენტრი+”-ის დამფუძნებლები კახა ყველაშვილი და მამუკა იობაშვილი, რომლებსაც სააკაშვილისდროინდელმა სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დაკითხვისა და დანაშაულის დამტკიცების გარეშე 500 ათასი ლარი გადაახდევინა.

თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო: რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის მამუკა იობაშვილმა, კახა ყველაშვილმა, მურად უნგიაძემ და გიორგი ცინდელიანმა 2004 წელს შპს ”ანდანტე” დააფუძნა. "ანდანტეს" საქმიანობა აერთიანებდა ბენზინგასამართ სადგურებსა და ავტოტექმომსახურებას. კომპანიის დამფუძნებელთა თქმით, 2007 წელს მათ წაართვეს ყველაფერი, დაუნგრიეს აწყობილი ბიზნესი და იჯარით აღებული ადგილიდან გამოყარეს. მათივე მტკიცებით, ზეწოლისა და მუქარის შედეგად სულ მცირე 3 მილიონი ლარის ქონება დათმეს. ერთ-ერთი, ვინც მათთვის ქონების წართმევის საქმეში აქტიურად იყო ჩართული, დღესაც ცნობილი პოლიტიკოსია, ოღონდ ოპოზიციური ფრთიდან.

”ნაციონალებმა” ქონება წაგვართვეს, ყველაფერი გაგვაყიდინეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად პირველ რიგში მაინც გამართლება გვჭირდება. ბოლოს და ბოლოს, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს, რომ პატიოსანი ბიზნესმენები ვართ და არა - ვიღაც კრიმინალები?” - აცხადებენ დაზარალებული ბიზნესმენები. სამწუხაროდ, ყველაფერი შპს ”ანდანტეს” დანგრევით არ დასრულებულა. შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე bpn.ge-ს კახა ყველაშვილმა უამბო:

-”ანდანტეს” დაშლის შემდეგ ჩვენს პარტნიორებს ბიზნესზე გული აუცრუვდათ და საქმიანობა შეწყვიტეს, მე და მამუკა იობაშვილმა კი ახალი ფირმა დავაფუძნეთ, რომელსაც დღემდე შპს ”ავტოსერვისცენტრ+” ჰქვია. ვმუშაობდით და ბრუნვაც ნორმალური გვქონდა. თუმცა 2011 წლის სექტემბერში რატომღაც ციხეში აღმოვჩნდით. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, ორი თვით ადრე სააკაშვილის სამადლობელი წერილი მოგვივიდა, სადაც მადლობას გვიხდიდა იმის გამო, რომ კარგი გადამხდელები ვიყავით. ამის შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად ციხეში ჩაგვსვეს. ციხეში ჩვენი ადვოკატებისაგან გავიგეთ, რომ კონტროლის პალატას ჰქონდა დაწერილი რაღაც დასკვნა და იქ ჩვენი ფირმაც იყო მოხსენიებული. დაგვაბრალეს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებთან გვქონდა გარიგებები და ამ გარიგებების შედეგად უკანონოდ ვიგებდით ტენდერებს. ამას სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მოგვიანებით, შესაბამისი მტკიცებულებებიც დავუდეთ, რომ ასეთი რამ გამორიცხული იყო. თავდაპირველად გვეგონა, რომ ყველაფერი გაირკვეოდა, მაგრამ ციხეში მივხვდით, რასთან გვქონდა საქმე.

- მიუხედავად უდანაშაულობისა, თავს ვერაფრით იმართლებდით?

- ამაო იყო რაღაცის მტკიცება ან საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლა. ამიტომ ციხეში ერთადერთი სურვილი გვამოძრავებდა: რაც შეიძლება მალე დაგვეღწია თავი იმ ჯოჯოხეთიდან ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ. ამ პროცესში ჩვენი ოჯახები, მთელი სამეგობრო და სანათესაო იყო ჩართული.

- კიდევ ვინ იჯდა ციხეში თქვენი კომპანიიდან?

- მე, მამუკა იობაშვილი და ლავრენტი სიხარულიძე 6 თვის ვადით ვისხედით გლდანის მერვე საპყრობილეში. მოგვიანებით კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. მერე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ამ შეთანხმების საფუძველზე გაგვათავისუფლეს, რის სანაცვლოდაც 500 ათასი ლარი გადაგვახდევინეს. ეს თანხა ჩვენმა კომპანიამ გაინაწილა, ბანკიდან ავიღეთ სესხები, გავყიდეთ უძრავ-მოძრავი ქონება და ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო. ამას დავუმატეთ ახლობლებისაგან ნასესხები თანხა და ნახევარი მილიონი როგორღაც შევაგროვეთ. დღემდე ვიხდით ბანკის პროცენტებს. მოგვიანებით ისევ სესხები ავიღეთ, რომ ჩვენი ბიზნესი როგორმე შეგვენარჩუნებინა. ვალების გამო დღემდე ურთულეს სიტუაციაში ვართ.

- როდის შეიტანეთ საჩივარი და რა პასუხი გაგცეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა?

- საჩივარი 2012 წელს, მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ არჩილ კბილაშვილის სახელზე მაშინვე, როგორც კი მსგავსი საქმეების განხილვა დაიწყო. პროკურატურიდან გვაცნობეს, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს რაღაც კანონი და ამის შემდეგ დაიწყებოდა ძალაში შესული ყველა განაჩენის გადასინჯვა. ჩვენი სიმართლის დამტკიცებას უკვე რა ხანია ველით და დღემდე მოლოდინში ვართ. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ სიმართლე დამტკიცდეს ჩვენი უდანაშაულობის შესახებ - მთავარი მოთხოვნა ესაა და მხოლოდ ამის შემდეგ გვაინტერესებს ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება.

- ხომ არ ჰქონდა ადგილი თქვენს მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ან უფლებამოსილების გადამეტებას?

- საბედნიეროდ, არავის ვუცემივართ იმიტომ, რომ მალევე მივხვდით - წინააღმდეგობას და ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. თუმცა ამ საქმეს ჯანმრთელობა შევწირეთ: პირადად მე, ციხიდან რომ გამოვედი, კარგა ხანს ვმკურნალობდი. ყველაზე ძნელი მაინც ფსიქოლოგიური წნეხი იყო, რომელიც გამოვიარეთ. ექვსი თვის განმავლობაში მიდიოდა ვაჭრობა თანხაზე: თავიდან გვითხრეს, რომ 200 ათასს გადავიხდიდით და ციხეში ორი წელი ვიქნებოდით, ბოლოს 500 ათასზე "შევთანხმდით". ვიდრე ჩვენ ციხეში ვიყავით, ოფისიდან კომპიუტერები და საბუთები წაიღეს, სრულიად პარალიზებული იყო აქაურობა. სხვათა შორის, ვინც გვიცნობდა, თუნდაც ძველი სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები, ვისაც ვემსახურებოდით, ყველას ძალიან უკვირდა. მტკიცებულებებიც დავდეთ, მაგრამ მაინც ვერაფერს მივაღწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ ერთი მოწმეც ვერ წარმოადგინეს.

- ალბათ ფინანსური დანაკარგის ანაზღაურებასაც მოითხოვთ - 500 ათასი ლარი არ არის მცირე თანხა?

- საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა გამოიძიონ, ვინ იყო ჩართული ამ პროცესში. ვინც უკანონოდ მოგვექცა, გვაზარალა და სესხები აგვაღებინა, ახლა იმათაც დააკისრონ ფულის გადახდა, ახლა იმ ხალხმა ჩადოს თავისი ქონება ბანკში და პროცენტიანი ვალები იხადოს. ის გაჭირვებული ხალხი ხომ უნდა გაამართლონ, უბინაოდ, უსახლკაროდ რომ დატოვეს. ზოგს ქვეყანა დაატოვებინეს და აქედან გააქციეს, ახლა იმ ხალხს შეუწყონ ხელი. თუ პროკურატურა დაინტერესდება, ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას მივაწვდით, რადგან კარგად ვიცით, ვინ იყო ჩართული ჩვენს წინააღმდეგ დაწყებულ პროცესში. ისინი ახლაც საქართველოში ცხოვრობენ და ხშირად საჯაროდ ჩნდებიან. ზოგიერთი მათგანი უფლებადაცველიც კი გახდა. არ გვინდა გამოძიების ინტერესებს ვავნოთ და მათ ვინაობას ამიტომ არ ვასახელებთ. ჩვენ არ უნდა ვყვებოდეთ ამ ისტორიებს წლების განმავლობაში. მე მგონი, სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერებული, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს თავისი სიმართლის დამტკიცებასა და ყველაფრის გარკვევაში. როდესაც სახელმწიფო ამხელა თანხას გადაგახდევინებს, თანაც სრულიად უდანაშაულოდ, რა ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციებზეა საუბარი? ხომ უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლები ვართ, რომ ამხელა თანხა ტყუილად გადაგვახდევინეს და ციხეშიც ტყუილად ვიჯექით?! დაკითხვის ოქმიც კი არ არსებობს, ისე დაგვდეს ბრალი და ჩვენი სიმართლე ოდესმე ვინმემ ხომ უნდა დაამტკიცოს?!

ხათუნა ჩიგოგიძე