ილია დარჩიაშვილი ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობასა და იმ მნიშვნელოვან პროექტებს შეეხო, რომლებსაც დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს.

„მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას დევნილთა სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

გარდა ამისა, უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა უკრაინელ დევნილთა მიღების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც მსოფლიოში შეიქმნა უკრაინის ომის ფონზე. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება მიმოიხილეს და სამშვიდობო პოლიტიკის გატარების პროცესში გაეროს მნიშვნელოვანი როლი აღნიშნეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.