ლევან კალანდაძე: არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ ზაფხულში ლარის კურსი 2.2-ის ფარგლებში შენარჩუნდეს

თეორიული შესაძლებლობა არსებობს, რომ ზაფხულში ლარის კურსის წონასწორობა 2.2-ის ფარგლებში იქნას შენარჩუნებული, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ განაცხადა.

"მე მაინც მგონია, რომ ზაფხულამდე ეს პროცესი მერყევ ფორმატში გაგრძელდება, ანუ გარკვეული რყევები ლართან დაკავშირებით მაინც იქნება. ძალიან მცირედით, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც ნეგატიური ტენდენცია ფიქსირდება. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს მცირედით გამყარების პროცესს. საბოლოო ჯამში, იმის გათვალსწინებით, რომ ეს ყველაფერი მეტწილად მაინც იმ გარემოზეა დამოკიდებული, რაშიც ჩვენ ყოფნა გვიწევს - ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ექსპორტ-იმპორტის მონაცემები - ეს ფაქტორები განაპირობებს მაინც მოკლევადიან პერსპექტივაში ლართან დაკავშირებულ პროცესს", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, თუ თებერვლის მონაცემებს გადავხედავთ, ექსპორტ-იმპორტი, პრაქტიკულად, შემცირებულია, მაგრამ ექსპორტის შემცირების ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალია, "ანუ ის რისკ ფაქტორები, რაც ცოტა ხნის წინ აქტუალური და ცხელი თემა იყო ლარის პრობლემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კვლავ აქტუალურად რჩება". "პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით გარკვეული გაუმჯობესება იყო, ასევე თებერვლის მონაცემებით, გარკვეული გაუმჯობესება იყო ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით, მხედველობაში მაქვს ის, რომ დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა, თუმცა ეს მაინც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ დადებითი ტენდენციების ეკონომიკურ ეფექტს ის ნეგატივი დაებალანსებინა, რომელიც მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს განსაზღვრავს ლართან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, დღეს მთავარი პრობლემა ხდება ე.წ. შემოსავლების შედარებით მაღალი უზრუნველყოფა. მხედველობაში მაქვს ის, რომ შიდა ფაქტორის გათვალისწინებით, ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი, როგორც თებერვალში, ასევე მარტსა და აპრილში მაქსიმალურად მაღალი დაფიქსირდეს და მეორე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გარკვეული სავალუტო შემოდინებები გავზარდოთ", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ რამდენიმე კონკრეტულ საინვესტიციო "ქეისზე" მუშაობს. "მე მესმის, რომ ამ ყველაფერს დრო სჭრიდება, მაგრამ იმისთვის, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში გარკვეული პოზიტიური შედეგები მივიღოთ, საჭიროა, უფრო მეტი აქტიურობა და მოკლე ვადებში გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, პრივატიზაციასთან დაკავშირებით. მე რატომღაც მეჩვენება, რომ პრივატიზაციის თემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა ვაგვიანებთ კონკრეტული ბიზნეს "ქეისების" გადაწყვეტას. ეს კომპლექსური მიდგომა, საბოლოო ჯამში, განაპირობებს იმას, რომ თუ სწორად დაიგეგმა და განხორციელდა გარკვეული ღონისძიებები ხელისუფლების მხრიდან, შესაძლებელია, ზაფხულისთვის გარკვეული სტაბილიზაციისა და ახალი წონასწორობის კურსი მივიღოთ", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება უზრუნველყოფს უფრო მაღალ ტემპს, უფრო სწრაფ და აქტიურ გადაწყვეტილებებს, მაშინ შესაძლებელია, ნოემბერში სტაბილიზაციას მივაღწიოთ, "მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლარის გამყარებას დაიწყებს". "ლარის გამყარებისთვის აბსოლუტურად განსხვავებული, უფრო ღრმა, უფრო კომპლექსური და უფრო ფუნდამენტური გადაწყვეტილებებია საჭირო. ეს მაინც საბოლოო ჯამში, დაკავშირებული იქნება ჰიპერაქტიური პოლიტიკის ეფექტზე, რამდენად შევძლებთ გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, ქვეყანაში შევინარჩუნოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი ტემპი. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ზრდა 35%-იანი იყო, წელს ამაზე მეტი უნდა ვაჩვენოთ, ანუ დაახლოებით, მილიარდ ნახევრიან დონეზე უნდა გავიდეთ წლის ბოლოს. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია, ვისაუბროთ, უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის მეტ-ნაკლებად უფრო პოზიტიურ ტრენდზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ პრობლემები გვექნება, რადგან ის ფაქტორები და პრობლემები, რაც განაპირობებდა ლარის ავადობას, რეალურად არ მოხსნილა, ანუ ის ეგზოგენური ფაქტორები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა დღეს ჩვენთვის და ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორებია, ჯერჯერობით არ მოხსნილა და მიმდინარე წლის ბოლომდე ამ რისკების მოხსნის ალბათობა მინიმალურია", - აღნიშნა კალანდაძემ.

კითხვაზე - რა ფარგლებშია მოსალოდნელი ზაფხულისთვის ლარის კურსის შენარჩუნება, კალანდაძის განცხადებით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია გარკვეულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და სავალუტო შემოდინებებზე. "პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ თეორიული შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ზაფხულის პერიოდში კურსის წონასწორობა 2.2-ის ფარგლებში შენარჩუნდეს. ამ თეორიულ შესაძლებლობას თუ გაამყარებს კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, მაშინ ეს თეორიული მოცემულობა და დაშვება შესაძლებელია რეალობად ვაქციოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმ ბევრ ფაქტორზე, რაც ჩამოითვალა და ხელისუფლების მარიფათზე, რამდენად სწორად განახორციელებს ამას", - განაცხადა კალანდაძემ და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აშშ დოლარის ოფიციალური კურსი დღეისთვის 2.2451 ლარია.