ზურაბ აზარაშვილი - მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა დაგვარწმუნა, ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის, შეთანხმებულ მოქმედებებში

გასულ კვირაში, მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის შეთანხმებულ მოქმედებებში და ბაზარზე მათ დომინანტობაში დაგვარწმუნა, რაც სამწუხაროდ, რეალობაა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში არსებობს ჰოლდინგები, რომლებიც წამლის იმპორტიორ, დისტრიბუტორ, საცალოდ გამყიდველ და რიგ შემთხვევებში, ადგილობრივად მწარმოებელ კომპანიებს, ასევე, სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს აერთიანებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ასეთ ჰოლდინგებს აქვთ ბაზარზე დომინირებისა და თამაშის წესების კარნახის შესაძლებლობა.

„ეს ჩვენთვის მიუღებელია. დაწესებული რეგულაციებითა და კონტროლით მივაღწევთ იმას, რომ ბაზარი იყოს რაც შეიძლება გამჭვირვალე, ჩვენი მოქალაქეებისთვის კი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, როგორც სამედიცინო სერვისები, ისე - მედიკამენტები. საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, ჰოლდინგების დაშლამდე მივალთ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეფორმა და ცვლილება ვერ მიიღწევა, რადგან ასეთ ჰოლდინგებს ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის სამწუხარო გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. ზუსტად მსგავსი ტიპის შეთანხმებებით, ან კიდევ უფრო მძიმე შეთანხმებებით, მაგალითად, საბოტაჟით, შეუძლიათ, იმპორტი არ განახორციელონ, ან თუ სხვა, შედარებით მცირე კომპანია განახორციელებს იმპორტს, აფთიაქებში არ მისცენ მედიკამენტის გაყიდვის შესაძლებლობა. ასევე, ჰოლდინგებს შეუძლიათ, პატარა აფთიაქებს თავისი პირობები უკარნახონ.

წინა კვირაში განვითარებული მოვლენებით დავრწმუნდით, რომ საცალო სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის - მარტივი შეთანხმებით შეიძლება, ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს, რომელიც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება და მომხმარებელი იძულებული იყოს, ეს ფასი გადაიხადოს. ამიტომ, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართული იქნება იმისკენ, რომ კიდევ მეტი კონკურენცია იყოს ბაზარზე და მცირე ზომის კომპანიებს ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობა მიეცეთ, როგორც იმპორტის ნაწილში, ისე დისტრიბუციისა და აფთიაქების ნაწილში. ცვლილებები უკვე დაწყებული გვაქვს და ვფიქრობთ, მაქსიმუმ, მომდევნო წლის ბოლომდე, ყველა ცვლილება, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული, სრულად რეალიზებული იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.