როგორ დაამარცხა შვეიცარიამ ინფლაცია

უჩვეულოდ მაღალ ინფლაციას დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ებრძვის. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების საძირკველი ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ შეარყია. ენერგოკრიზისს სასურსათო კრიზისიც თან დაერთო და შედეგად, სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდის ტემპი მივიღეთ.

თუმცა, ერთ პატარა ევროპულ ქვეყანაში, შვეიცარიაში ფასების ზრდის პრობლემა ნაკლებად მტკივნეულია. მაშინ, როდესაც 2022 წელს აშშ-ში ინფლაციამ 9.1%-ს, დიდ ბრიტანეთში 11.1%-ს და ევროზონაში 10.6%-ს მიაღწია, შვეიცარიაში მაჩვენებელი 3.5%-ს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს 29-წლიანი მაქსიმუმი იყო, ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპი საგრძნობლად ნაკლებია სხვებთან შედარებით.

როგორ შეძლო შვეიცარიამ დღევანდელობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევასთან გამკლავება? ფაქტორებს სწორედ ამ სტატიაში მიმოვიხილავთ.

შვეიცარიელებზე ფასების ზრდა ნაკლებად მოქმედებს

შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში და ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით თვით აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიას უსწრებს. ამასთან, ქვეყანაში მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ და ზრდასრულთა საშუალო სიმდიდრე 696 000 დოლარს აჭარბებს.

top-10-kveqana-1-sul-mosaxleze-mshp-is-mixedvit-1-1677735033.png

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებიც მაღალ ნიშნულზეა. გამოცემა The Economist-ის თანახმად, ციურიხი და ჟენევა ყველაზე ხარჯიანი ქალაქების ტოპ-10-ში შედიან. შესაბამისად, შვეიცარიის მოქალაქეებზე ფასების ზრდა ნაკლებად მოქმედებს. გამომდინარე იქიდან, რომ შვეიცარიელები მდიდრები არიან, ისინი თავიანთი შემოსავლის მცირე ნაწილს ხარჯავენ საკვებსა და საცხოვრებელზე, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან.

ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

კიდევ ერთი ფაქტორი ფასების შედარებითი სტაბილურობისა შვეიცარიული ფრანკის სიმყარეა.

2022 წელს ქვეყნის ვალუტის ღირებულებამ ეტაპობრივად მოიმატა და ევროსთან პარიტეტსაც მიაღწია. აშშ დოლარის გამყარების შედეგად ბევრი ვალუტა გაუფასურდა, თუმცა ფრანკმა წნეხს გაუძლო და მიუხედავად ევროპაში მერყევი მდგომარეობისა, მდგრადობა შეინარჩუნა.

ეს დიდწილად მისმა სტატუსმა განაპირობა. ფრანკს სანდო აქტივად მიიჩნევენ, რადგან მას ზურგს უმაგრებს ოქროს დიდი რეზერვი, ობლიგაციები და ფინანსური აქტივები, რაც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს შეუნარჩუნოს ვალუტას სტაბილურობა ეკონომიკურად არამდგრად პერიოდებში.

ეროვნული ვალუტის სიმყარე შვეიცარიისთვის, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყანაში იმპორტის სახით 300 მილიარდ დოლარზე მეტის პროდუქცია შედის ყოველწლიურად, ძირითადად კი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ძლიერი ფრანკი კი პროდუქციის ხელსაყრელ ფასად შესყიდვას განაპირობებს.

ამავდროულად, ქვეყნიდან ექსპორტიც თითქმის იმპორტის ეკვივალენტურია და შედგება ძვირადღირებული პროდუქციისა და სერვისებისგან (მაგალითად, საათები და ფარმაცევტული ნაწარმი), რომლებზეც ასევე ნაკლებად მოქმედებს ფასების არასტაბილურობა, მასობრივი წარმოების პროდუქციისგან განსხვავებით.

მოქნილი ენერგოსტრუქტურა

შვეიცარიაზე ნაკლებად იქონია გავლენა იმ გარე ფაქტორებმა, რომლებმაც 2022-ში ფასების ზრდა გამოიწვია, დიდწილად კი რუსეთის უკრაინაში შეჭრამ.

მთიანი ტოპოგრაფიისა და 1,500-მდე ტბის მქონე ქვეყანა არაა იმდენად დამოკიდებული ნავთობისა და გაზის იმპორტზე, რამდენადაც მისი მეზობელი ევროპული ქვეყნები და მის ელექტროენერგიის გამომუშავებაში მთავარ როლს ჰიდროენერგია ასრულებს.

ქვეყანაში ენერგიის მიმწოდებლების დიდი ნაწილი საჯარო საკუთრებაშია, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ნაკლებად ექვემდებარებიან ბაზრის მერყეობას ფინანსური უსაფრთხოების ბადეების მეშვეობით და მათზე ფასების მკაცრი რეგულაციები მოქმედებს.

107195842-1676566855171-gettyimages-1242718251-afp-32gz8zv-1677735094.webpფოტოზე ხედავთ ვიუ-ემოსონისა და ემოსონის კაშხლებს, რომლებიც დასავლეთ შვეიცარიაში ნანტ დე დრანსის ჰიდროელექტროსადგურის ნაწილია. სადგურის დადგმული სიმძლავრე 900 მეგავატია, წლიურად კი, დაახლოებით, 2,500 გგვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

2022 წლის ბოლოს ენერგიის ფასების ზრდის ტემპმა შვეიცარიაში 16.2% შეადგინა, რაც დაბალია გერმანიის (25%), ნიდერლანდების (30%), დიდი ბრიტანეთისა (52.3%) და იტალიის (64.7%) მაჩვენებლებზე, თუმცა 2023-ში ქვეყნის ენერგორეგულატორი 27%-მდე ზრდას მოელის.

უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ენერგეტიკის სექტორში გრძელვადიანი კონტრაქტების სტანდარტიზებამ ხელი შეუწყო ბიზნესებს ფასების ზრდა თავიდან აეცილებინათ.

ფასების კონტროლი სურსათსა და სერვისებზე

ენერგიასთან ერთად, შვეიცარიაში სურსათისა და სერვისების ფასების მკაცრად კონტროლდება, რაც ასევე დამატებითი ფაქტორია ინფლაციის დაბალი დონის შესანარჩუნებლად.

იმ პროდუქტთაგან, რომლებიც ინფლაციის გასაზომად გამოიყენება, საკვების, ტრანსპორტისა და საცხოვრებლის ჩათვლით, დაახლოებით, 30% ექვემდებარება საფასო რეგულაციას შვეიცარიაში, რაც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაზე მეტია.

107197173-1676981315798-swiss-price-reg-2-1677738663.png

გასული წლის დეკემბერში საკვების ფასებმა მხოლოდ 4%-ით მოიმატა წლიურ ჭრილში, რაც ასევე ჩამორჩება აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მაჩვენებლებს.

განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე მაღალი ტარიფები გულისხმობს, რომ ადგილობრივი ნაწარმი, მათ შორის, რძე და ყველი, შეღავათიან ფასებადაა ხელმისაწვდომი და მათზე ნაკლებად ზემოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები. შვეიცარიელები არა მხოლოდ ადგილობრივ ნაწარმს ანიჭებენ უპირატესობას, არამედ რეგიონულსაც, რასაც დადებითი ეფექტი აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე.

გაკვეთილი შვეიცარიისგან

ნახსენები ფაქტორები მაინც ვერ უზრუნველყოფს შვეიცარიელი მომხმარებლების სრულ იმუნიტეტს ინფლაციის მიმართ და ფასები შედარებით მეტადაა გაზრდილი დაქირავებასა თუ გარკვეული ტიპის საკვებ პროდუქტებზე.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის ეროვნული ბანკი მომავალ წლებში პოზიტიურ სცენარს ხედავს. ბანკის თანახმად, 2023-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი 2.4% იქნება, 2024-ში კი მიზნობრივ 2%-ს ჩამოსცდება და 1.8%-ს გაუტოლდება.

შვეიცარიის უნიკალური ეკონომიკური ლანდშაფტი უკვე ათწლეულებია იქმნება და ქვეყნების უმეტესობისთვის ამ მოდელის ზედმიწევნით აღება და გადატანა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია კონკრეტული გამოცდილებების გათვალისწინება. ერთ-ერთი მაგალითი კი, რაც არ უნდა არაპოპულარულად ჟღერდეს ის, ენერგომწარმოებლების ნაციონალიზაცია შეიძლება იყოს, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ სექტორში პრივატიზაციის გზას დაადგნენ და ახლა ამის საფასურსაც იხდიან.

კახი ჩაკვეტაძე