იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.
კოდექსის თანახმად, იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული სიახლეების ამოქმედება იგეგმება 2025 წლის პირველი იანვრიდან.