ოთარ დანელია კომპანია Louis Dreyfus Commodities წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აგროსასურსათო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი კომპანიის Louis Dreyfus Commodities წარმომადგენლებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიის მფლობელის მარგარიტა ლუის დრეიფუსის 2015 წლის დავოსის ეკონომიკური ფორუმის შეხვედრის დროს დაიგეგმა.

აგროსასურსათო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი კომპანია Louis Dreyfus Commodities საქმიანობას 90 ქვეყანაში ახორციელებს და 77 მილიონ ტონა საქონელს პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს. კომპანიის მესვეურებმა სურვილი გამოთქვეს, საქართველოში კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა დააფუძნონ. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის იმ დარგებზე ისაუბრა, რომელთა მიმართაც, კომპანიის წარმომადგენლებმა, საქმიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს.

მინისტრმა სტუმრებს პროექტის "დანერგე მომავალი" დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ პროექტი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს და მისი ერთ-ერთი მიზანი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. ოთარ დანელიამ კომპანიის წარმომადგენელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის 2014 წლის ანგარიში, დარგის განვითარების ხუთწლიანი სამომავლო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.