გერმანული ბიზნესი უკვე გეგმავს  ირანთან მრავალმილიარდიანი კონტრაქტების გაფორმებას

გერმანული ეკონომიკა ირანსა და ”ექვსეულს” შორის მიღწეულ შეთანხმებას იმედისმომცემ სიგნალად აფასებს

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანსა და მსოფლიო ექვს წამყვან სახელმწიფოს შორის მიღწეული ჩარჩოშეთანხმების შემდეგ, გერმანულ ბიზნესს ისლამურ რესპუბლიკასთან მრავალმილიარდიანი კონტრაქტების გაფორმების იმედი აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ავრცელებს.  "გერმანული ეკონომიკა ამ შეთანხმებას იმედისმომცემ სიგნალად აფასებს", - განაცხადა გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტმა ფელიქს ნოიგარტმა. მისივე თქმით, თუ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 1 ივლისისთვის გაუქმდება, ირანთან ბიზნესის დაწყება შესაძლოა, უკვე მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდანვე გახდეს მომგებიანი. ფელიქს ნოიგარტის განცხადებით, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კი ექსპორტის გაორმაგებაზე საუბარიც არ არის გამორიცხული.

"დოიჩე ველეს" ცნობით, 2014 წელს ირანისთვის დაწესებული რიგი სანქციების გაუქმების შემდეგ გერმანიიდან ირანში ექსპორტი 30%-ით გაიზარდა და 2,4 მილიარდი ევროს ნიშნულს მიაღწია. "გრძელვადიან პერსპექტივაში ირათან სავაჭრო ბალანსი შესაძლოა ათობით მილიარდი ევროთი განისაზღვროს", - მიიჩნევს გერმანელი ექსპერტი. მისივე თქმით, ირანში დიდი მოთხოვნაა გერმანული წარმოების მანქანებზე.

ირანმა და "ექვსეულმა" რვადღიანი მოლაპარაკებების შედეგად ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ჩარჩოშეთანხმებას მიაღწიეს. "როიტერის" ცნობით, საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა 30 ივნისამდე უნდა მიაღწიონ. საერთაშორისო "ექვსეული" - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი თეირანისგან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითხოვს. კერძოდ, თეირანმა ურანის ცენტრიფუგების ორი-მესამედი უნდა დახუროს. სანაცვლოდ კი დასავლეთი მზად არის დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის. თუმცა, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, დასავლეთი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს.