კახა კალაძე სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად ლადო ასათიანის ქუჩის #50-ში, სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, სპორტულ ცენტრში ფიტნეს დარბაზი, კრივის რინგი, საკალათბურთო მოედანი, საშხაპეები და გასახდელები განთავსდება.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობის სურვილი იყო.

„მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იყო სპორტული სკოლა, თუმცა, იმდენად ავარიული იყო, რომ შენობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ჩაუტარდა დემონტაჟი და ფაქტობრივად ახალი პროექტი ხორციელდება, სადაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ეს სივრცე გამოიყენონ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის და სავარჯიშოდ. აქ იქნება საკალათბურთო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ამ შენობაში მოწყობილიყო, პროექტის სახით ხორციელდება. ზაფხულისთვის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული იქნება, ამის დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად აღიჭურვება. აღნიშნული სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ აღნიშნული სივრცე მოწესრიგებულიყო, ჩვენი დაპირება იყო და რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე, ასევე, კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ. სპორტული ცენტრის მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო.