„ძალიან დიდი მოლოდინი და მზაობაა დესტაბილიზაციის, რაც პირველ რიგში, სასურსათო დეფიციტს უკავშირდება“

„2023 წელი კი არის შესაძლებლობების, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან დიდი მოლოდინი და მზაობაა დესტაბილიზაციის, რაც პირველ რიგში, სასურსათო დეფიციტს უკავშირდება“,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან რთული წელი წინ. იმიტომ, რომ ახლა მიგრაციის თემა წამოვა ევროკავშირში (შიმშილის თემებიდან გამომდინარე) და ეს ისეთი ჯაჭვური რეაქციებია, ისეთმა ელემენტმა შეიძლება გაუკეთოს დესტაბილიზაცია ამ ჯაჭვის სულ სხვაგან და შორს მყოფ ელემენტს, რომ შენ ვერც კი იფიქრო, ეს როგორ მოხდა. 2023 წელი კი არის შესაძლებლობების, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან დიდი მოლოდინი და მზაობაა დესტაბილიზაციის, რაც პირველ რიგში სასურსათო დეფიციტს უკავშირდება.

ეს დეფიციტი არის მოსალოდნელი და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, საიდანაც მიგრაციის უმართავი, დიდი ტალღა ასევე არის მოსალოდნელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვფიქრობ, საწვავის ფასის ზრდა მაინც გარდაუვალია, რაღაც ეტაპზე. ამის თქმის საფუძველს გახანგრძლივებული ომის თემა მაძლევს, სამწუხაროდ. ახლა სხვადასხვა პროგნოზები კეთდება ამაზე, მაგრამ მე როგორც შემეძლო, ძალიან ღრმად შევისწავლე ის ალტერნატივები, რაც იყო და ჩვენ სამწუხაროდ, გახანგრძლივებულ ომთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ეს მერე ეკონომიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს თვითონ ევროპაში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ ასეთ რეჟიმში, რომ აუცილებლად - მაქსიმალური გამჭვირვალობა გადაწყვეტილებების, ჩვენი რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოყენება, ფიქრი, რა თქმა უნდა, გრძელვადიან თემაზე, მაგრამ ასევე იმაზე, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ის მომენტი, რომელიც ჩვენ დაგვიდგა კრიზისის დროს. მერე საფიქრალი აღარ უნდა იყოს და არც თათბირები ჩასატარებელი“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

ნინი ქეთელაური