მსოფლიო ბანკმა სირიაში მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 5,1 მილიარდ დოლარად შეაფასა

თებერვალში მომხდარი მიწისძვრების შედეგად სირიისთვის მიყენებულმა პირდაპირმა ზარალმა დაახლოებით 5,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის „გლობალურ ოპერატიულ ანგარიშში სირიაში ნგრევის შეფასების შესახებ“, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ამ ზარალს ამძაფრებს ნგრევა, ტანჯვა და გაჭირვება, რომელიც სირიის ხალხმა გადაიტანა ბოლო წლების განმავლობაში,“ - თქვა ჟან-კრისტოფ კარემ, მსოფლიო ბანკის ახლო აღმოსავლეთის დირექტორმა.

ამასთან, ბანკში განაცხადეს, რომ ზარალის რეალური მოცულობის დადგენა ჯერ კიდევ რთულია და წინასწარი შეფასებით 2,7 მილიარდი დოლარიდან 7,9 მილიარდ დოლარამდე მერყეობს, ეკონომიკის არაპირდაპირი ზარალის გარეშე.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ალეპოს პროვინცია, სადაც მთლიანი ნგრევის 45% (2,3 მილიარდი დოლარი) მოხდა, ასევე პროვინციები იდლიბი (37% - 1,9 მილიარდი დოლარი) და ლატაკია (11% - 549 მილიონი დოლარი).

7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები 6 თებერვალს 9 საათის ინტერვალით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში მოხდა. ბიძგები, იგრძნობოდა ქვეყნის 10 პროვინციაში და მეზობელ ქვეყნებში, რომელთაგან ყველაზე მეტად სირია დაზარალდა. 22 თებერვალს ჰატაის პროვინციაში დამატებით ორი ახალი 6,4 და 5,8 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რესპუბლიკაში სტიქიის მსხვერპლი სულ მცირე 1 414 ადამიანი გახდა, დაშავდა 2 349.

კოკა კვირკველია