ევროკავშირიდან გაზრდილი იმპორტი და რუსეთში რეკორდული რეექსპორტი - რა ეჭვები აქვს ევროპას

უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე, საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტის ზრდის პარალელურად, ქვეყნიდან რუსეთში რეკორდული რეექსპორტი დაფიქსირდა. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არანაირ პარალელურ იმპორტში ქვეყანა არ მონაწილეობს, თუმცა, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები ეჭვობენ, რომ რუსეთი ევროპიდან იმპორტს, სწორედ მეზობელი ქვეყნების გავლით ახორციელებს. ამის მიზეზად კი, რეგიონის სახელმწიფოებში ექსპორტის მკვეთრ ზრდას ასახელებენ.

თუ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომი და წინა წლის ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს გადავხედავთ, საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტი 623 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელის მარტი-დეკემბერში ქვეყანაში ევროზონიდან 2,671 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,048 მლნ აშშ დოლარის.

ამის პარალელურად, საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მარტი-დეკემბერში ქვეყნიდან რუსეთში 102,773 მლნ აშშ დოლარის პროდუქტის რეექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 48,870 მლნ აშშ დოლარის.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა და ამ კუთხით თურქეთი ჩაანაცვლა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 105.7%-ით გაზარდა. იანვარში რუსეთში 87 785 800 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 42 684 000 აშშ დოლარი იყო.

გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელიც 2022 წლის მარტი-დეკემბერში, საქართველოში ევროზონიდან ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა და რეექსპორტი რუსეთში განხორციელდა:

  • მსუბუქი ავტომობილები
  • სატვირთო ავტომობილები
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევრები
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი
  • სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები
ნინი ქეთელაური