ირაკლი ღარიბაშვილი: რაც ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში მოხდა, დივერსიაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია "არემჯისთვის" ხელის შეშლა დივერსიაა და ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ახალი სამთავრობო პროგრამის: "ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა.  "მე ვიცი, რომ დიდი პრობლემები შეექმნა ბოლნისში კომპანია "არემჯის", სადაც მუშაობს 3000 ოჯახი. მთელი ბოლნისის რაიონი დამოკიდებულია ამ კომპანიის მუშაობაზე. 2012 წელს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა ბოლნისის რაიონს. გასულ წელს მთლიანად ცენტრალურმა ბიუჯეტმა დააფინანსა ბოლნისის რაიონი, იმიტომ რომ კომპანია აბსოლუტურად პარალიზებული იყო, გაჩერებული იყო სამუშაოები. 3000 ოჯახის შენახვას მილიონობით ლარი სჭირდება. მე მაინტერესებს უბრალოდ, ამ ადამიანებს თუ აქვთ გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მათ არც პასუხისმგებლობა გააჩნიათ, არც გააზრებული აქვთ ის რისკი, რომლის წინაშეც ეს 3 ათასი ოჯახი დგას. რაც მოხდა ბოლნისის საწარმოსთან მიმართებაში, რაც ხდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წინააღდმდეგ, ეს არის პირდაპირი დივერსია და ამით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები", -განაცხადა ღარიბაშვილმა.