რუსეთში დემოგრაფიული კრიზისი სულ უფრო მწვავდება - The Economist

"რუსეთის დემოგრაფიული კოშმარი სულ უფრო მწვავდება" - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Economist სტატიას, რომელშიც ქვეყნის დემოგრაფიული კრიზისის ანატომიაა აღწერილი.

სტატიის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ქვეყანამ 2 მილიონით მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩვეულებრივ და ეს ომის შედეგებით, დაავადებებით და საზღვრებს გარეთ გადინებითაა განპირობებული. 15 წლის რუსი კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წლითაა შემცირებული, 2022 წლის აპრილში დაბადებული რუსების რაოდენობა კი იმაზე მეტი არ ყოფილა, ვიდრე ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში. ამასთან, რადგან საბრძოლო ასაკის მქონე კაცების მნიშვნელოვანი ნაწილი მკვდარი ან ემიგრაციაშია, ქალების რაოდენობა კაცებისას უკვე 10 მილიონით აღემატება.

ომი არ არის ერთადერთი, მეტიც, მთავარი გამომწვევი ამ პრობლემისა. დასავლური გამოთვლებით, გასულ წელს ომში 175,000-დან 200,000-მდე რუსი დაიღუპა ან დაიჭრა. საბრძოლო მანქანას კი 500,000-დან 1 მილიონამდე ახალგაზრდა და განათლებული ადამიანი გაექცა სხვა ქვეყნებში. რუსეთს სხვა დემოგრაფიული პრობლემებიც რომ არ ჰქონდეს, ასე მოკლე პერიოდში ეს რიცხვებიც კი მეტად მტკივნეული იქნებოდა.

ქვეყანაში კრიზისი სათავეს 30 წლით ადრე იღებს. მოსახლეობის რაოდენობამ პიკს 149 მილიონით 1994 წელს მიაღწია. გაეროს მონაცემებით, 2021 წელს რაოდენობამ 145 მლნ შეადგინა და თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, 50 წელში რიცხოვნობა 120 მილიონამდე შემცირდება. ამით რუსეთი მსოფლიოში მეთხუთმეტე ადგილზე გადაინაცვლებს, 1995 წელს ის მეექვსე ადგილს იკავებდა.

ცნობილი დამოუკიდებელი რუსი დემოგრაფის, ალექსეი რაქშას თანახმად, რომელსაც სახელმწიფო სტატისტიკის ოფისში მუშაობის გამოცდილება აქვს, 2022 წლის აპრილში დაბადებულთა რაოდენობა მეთვრამეტე საუკუნის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო. ამას, რასაკვირველია, საკუთარი მიზეზები ჰქონდა, თუმცა ღრმა შრეებში დაფარული ქრონიკული პრობლემა ზედაპირზე ამოატივტივა.

მოსახლეობის კლებადობა არც მხოლოდ რუსეთისთვისაა უნიკალური და მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა, ზოგადად, პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებს ახასიათებთ, მათთან მასშტაბი ბევრად უფრო მცირეა.

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, 2020-21 წლებში მოსახლეობა 1.3 მილიონით შემცირდა და გარდაცვალებების მაჩვენებელმა 1.7 მილიონით გადააჭარბა შობადობის მაჩვენებელს. დაღმასვლის ტენდენცია ყველაზე მეტად ეთნიკური რუსების რიცხოვნობაში შეინიშნება, რომელთა რაოდენობაც 2010-21 წლებში 5.4 მილიონით შემცირდა, ხოლო მთლიან მოსახლეობაში მათი წილი 78%-დან 72%-მდე ჩამოვიდა.

ეს ყველაფერი კი ომამდე დაიწყო და რუსეთის შემზარავ კოვიდ-პანდემიის მოცემულობას ასახავს. ოფიციალური მონაცემებით, ინფექციამ 388,091 ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ The Economist-ის გამოთვლებით, 2020-23 წლებში მაჩვენებელი 1.2-1.6 მილიონის ფარგლებში იყო, რაც შეიძლება შევადაროთ ჩინეთისა და აშშ-ს მონაცემებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობაც ბევრად მეტია.

თუკი პანდემიას ომსა და მობილიზაციის გამო მიგრაციას დავამატებთ, რუსეთმა 1.9-დან 2.8 მილიონამდე ადამიანი დაკარგა 2020-23 წლებში, რაც 2000-იან წლებზე უარესი შედეგია, როდესაც მოსახლეობა ნახევარი მილიონით მცირდებოდა წელიწადში.

რას შეიძლება ნიშნავდეს ეს რუსეთის მომავლისთვის? აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოპულაციის ცვლილების ეფექტები კომპლექსურია. ეთნიკურად რუსი მოსახლეობის შემცირება გაართულებს სამხედრო გაწვევას, რომელიც აპრილში იწყება და გაზრდის წნეხს ახალგაზრდა კაცებზე არარუსულ რეგიონებში, სადაც საპროტესტო ტალღებმა უკვე იჩინა თავი. ამასთან, შეაფერხებს გეგმებს შეიარაღებული ძალების 350,000 ერთეულით გაზრდისა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მეორეს მხრივ, ჯერჯერობით, ნაკლებად თუ შეინიშნება ნიშნები, რომ რუსეთს ახალგაზრდა კაცების რესურსი ამოეწურება, რომლებიც მზად არიან ოკუპაციის სამსახურში ჩადგნენ და დედა-სამშობლოს თავი შესწირონ.

მსგავსი პრობლემის მქონე ქვეყნებმა დიდი სოციალური ძვრები თავიდან აირიდეს, თუმცა რუსეთის შემთხვევა განსხვავებულია და დემოგრაფიული დაღმასვლის საერთო ეფექტმა შესაძლოა, რუსეთში ძირეული ცვლილებები გამოიწვიოს. ქვეყნის მოსახლეობა ჩქარი ტემპით მცირდება, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 68.8-დან 64.2-მდეა შემცირებული, რაც, ნაწილობრივ, კოვიდითა და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებითაა გამოწვეული. რუსი კაცები ახლა 6 წლით უფრო ადრე კვდებიან, ვიდრე იაპონიასა ან ბანგლადეშში.

შესაძლოა, დემოგრაფიულმა პრობლემამ პუტინის დაპყრობითი მანქანა ახლო მომავალში ვერ შეაჩეროს, თუმცა ის რუსეთს უფრო მცირე, უფრო გაუნათლებელსა და ღარიბ სახელმწიფოდ აქცევს, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან, ხოლო დარჩენილი კაცები 60 წლის ასაკში იხოცებიან.

კახი ჩაკვეტაძე