ლევან დავითაშვილი - „აითიბი ბერლინის“ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ჩვენი სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია

მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე, 1000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზე მოწყობილი ლოკაციები, მათ შორის საქართველოს მთავარი სტენდი ბერლინის გამოფენის მთავარ პავილიონში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილთან ერთად ქართულ ლოკაციებზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძლის სტატუსი საქართველოს „აითიბი ბერლინთან“ და საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგია.

„ეს არ იყო რიგითი გადაწყვეტილება, ანუ საქართველოს რიგითობით კი არ მოუწია მასპინძლობის სტატუსის მიღება, არამედ ეს არის, როგორც „აითიბი ბერლინთან,“ ისე საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგი. ზოგადად, პროგრესი, რომელიც საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებობს, ძალიან საინტერესო იყო და საბოლოოდ, ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც საქართველოზე ყურადღება შეჩერდა, ალბათ, ყველაზე ორიგინალური, კრეატიული და საინტერესო შეთავაზება იყო, რადგან ჩვენი კონკურენტი ქვეყნები ფინანსური რესურსებითაც და ამბიციებითაც საკმაოდ გამოირჩეოდნენ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ITB ბერლინი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ტურიზმის ინდუსტრიაში კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

„საქართველოსთვის განსაკუთრებულია 2023 წელს იყოს, ამ ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა, რადგან პანდემიის შემდეგ ის ტრადიციულ ფორმატში პირველად იმართება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას, ამ გამოფენის მასპინძლობით ჩვენ ხმამაღალ განაცხადს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს, წარმატებული ტურისტული ქვეყანა ვიყოთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მათი ინფორმაციით, გამოფენის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ყველა სამზადისი თითქმის დასრულებულია და საქართველო მზად არის, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარდგეს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასამდე ვიზიტორის წინაშე.

ასევე, „აითიბი ბერლინი“ რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური მიმართულება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. სტუმრები, ასევე, გაეცნობიან ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.

ცნობისთვის, 2023 წლის გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა.”