გიორგი ტყემალაძე: დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი 47 მლნ ლარით იზრდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი 47 მლნ ლარით იზრდება, საერთო ჯამში კი, თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში 75 მლნ ლარის ცვლილება ხორციელდება. ,,ცვლილებების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებული კომისიების სხდომა იმართება, სადაც საკრებულოს თითოეულ წევრს, საშუალება აქვს მერიის სამსახურებისგან დეტალურად მოისმინოს ამომწურავი პასუხი. რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, ცვლილება დაახლოებით 3 მილიონია, თუმცა, საუბარია იმ პროგრამებზე, რომელთა გადაფარვაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ხდება. აქედან გამომდინარე, ასეთი ცვლილება ლოგიკურია. ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარია ის პრეტენზიები, რაც ოპონენტ კოლეგებს პირდაპირ და გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით გააჩნიათ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის მე-20 მუხლთან, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს საკრებულოს თანხმობას, ანუ ამ კუთხითაც არაფერი იცვლება", – განმარტავს ტყემალაძე და ადასტურებს, რომ ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურის მშენებლობებისთვის ბიუჯეტი მართლაც 38 მილიონით იზრდება.

მისი თქმით, ეს არის პროცესი და პატარა პერიოდის განმავლობაში ამ ინფრასტრუქტურული დიდი სამუშაოების შესრულება ხდება. "ვფიქრობ, ზაფხულამდე ყველაფერი კანონიერად ჩატარდება და კანონის ფარგლებში წარიმართება", – აცხადებს გიორგი ტყემალაძე.