ეკა ბესელია - ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რუსული სპეცსამსახური მართავს

„სამართლიანი საქართველოს" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ხელისუფლება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ბოლო სერიაა, რომლის ფინალიც, შეიძლება გაცილებით მძიმე იყოს.

„ქვეყანას ზიანი მიაყენეს. ჩვენი ინტეგრაციის პროცესს ამუხრუჭებენ, ბარიერად აღიმართნენ ამ გზაზე. როგორც კედელი, ისე ეღობება ახლა ეს მტრულად განწყობილი ჯგუფი ევროპულ გზაზე. ახლა, რასაც ვუყურებ, მგონია, რომ ბოლო სერიას ვუყურებ. ეს ბოლო სერიაა. უბრალოდ, ფინალი უფრო მძიმე შეიძლება იყოს“, - განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ზეპარტიული საკითხი და საჭიროა მუდმივი პროტესტი.

„მოქმედებენ დავალებით, სადამდეც გაუვათ. ვერ გაუვათ, როგორც კი საზოგადოება გააცნობიერებს, რომ საკუთარ ქვეყანაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი და არა ოხანაშვილი და შეშლილი კობახიძე“, - განაცხადა ბესელიამ.

მისი შეფასებით, ამ კანონპროექტის ფორმა და შინაარსი საგანგაშოა. ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის გათელილი.

„პარლამენტი რას დაამსგავსეს. რეალურად, რუსეთის სპეცსამსახურებს ჩააბარეს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რუსული სპეცსამსახური მართავს იმიტომ, რომ იქ ხდება პარლამენტის წევრების ასე თრევა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა, არ ალაპარაკო, არ მოისმინო“,-განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოში გაურკვეველი ადამიანები დაბოგინებენ, „პარლამენტის თავმჯდომარე კი კაბინეტიდან არ გამოდის და უყურებს, როგორ დაათრევენ დეპუტატებს დერეფნებში“.

„ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას, ამოგმანა ყველა სარკმელი, საიდანაც პირდაპირ უნდა ესმოდეს იმ ადამიანების ხმა, ვისი სახელითაც იქ სხედან და ვისაც წარმოადგენენ. თავისთავად, არც შალვა პაპუაშვილი არის არავინ, არც დაჩი ბერაია და არც არავინ. იქნება ეს ოხანაშვილი თუ კოლექტიური კობახიძე. რა მნიშვნელობა აქვს, იმ ადამიანებს წარმოადგენენ, ვინც ახლა პარლამენტის შენობასთან დგანან და ცდილობენ, ხმა გააგონონ“,-განაცხადა ბესელიამ.

მისი შეფასებით, ეს არის მმართველი პარტიის ლუსტრაციის კანონი.

„ყველაფერი ხელისგულზე დევს. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ახლა დაბნეული კი არ უნდა იყოს, თვალი გაახილოს, გონებას მოუხმოს და სახელი დაარქვას იმას, რაც ხდება. რომ ვაკვირდები, ვინ არის ამ პროცესის მხარდამჭერი, ვინ იჯდა დარბაზში. ვატო შაქარიშვილი, საწყალი ბიჭი, ვალები დაუფარეს და გამოაჩინეს, „ნაფთალინიდან“ ამოიღეს ჯონდი ბაღათურია, სირცხვილი ჯონდის და ნანა კაკაბაძე, სირცხვილი მას, რომ იქ დგას. ყველა არის ფინანსურად დამოკიდებული ჯგუფი, ვინც იკვებება და არის ანგარებით კავშირში მმართველ პარტიასთან. არცერთი დამოუკიდებლად მოქმედი და მოაზროვნე ადამიანი ამ საზიანო პროცესის მხარდამჭერი არ არის“,-განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, "სამართლიანი საქართველო" ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს.

„ჩვენ წავიღებთ ამ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში. დაიწყეს უკვე ჩემი იურისტების ჯგუფმა მუშაობა. ვიცი, რომ სხვებიც მუშაობენ. ჩვენ ამ სარჩელებს გავაერთიანებთ. ეს კანონი ვერ იმუშავებს, გამორიცხულია“,-განაცხადა ბესელიამ.