რა ქონებას ფლობს საქართველოს ახალი სახალხო დამცველი

საქართველოს ახალი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ჰყავს. იოსელიანი პოსტზე მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს შეცვლის, რომელიც პოსტზე ნინო ლომჯარიას ანაცვლებდა.

დეპუტატი იოსელიანი კი, ამ დრომდე პარტია „მოქალაქეების“ საპარლამენტო სიის მეორე ნომერი და ვიცე-სპიკერი იყო.

ლევან იოსელიანი 1978 წელს თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე თეა ნასარიძე და 3 შვილი.

იოსელიანს 2022 წელს თბილისში საირმის ქუჩაზე შეძენილი აქვს 201 კვ.მ ბინა 126 000 დოლარად. მის მეუღლეზე კი, რეგისტრირებულია 2020 წელს სოფელი კიკეთში 1398 კვ.მ მიწის ნაკვეთი 62 000 დოლარად.

ახალი ომბუდსმენი ფლობს 2 ავტომობილს Toyota Corolla-ს, რომელიც 2012 წელს 9 000 აშშ დოლარად შეიძინა და 2013 წელს შეძენილ Toyota RAV4-ს, რომელშიც 20 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსებისას იოსელიანს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 9 115 ლარი და 375 დოლარი. თეა ნასარიძეს შემნახველ ანგარიშზე 1130 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე კი, 5 629 ლარი და 998 ევრო ჰქონდა.

თეა ნასარიძე შპს CBD Development-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია, სადაც ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 91 976 ლარი მიიღო. ნასარიძე ასევე BD Property-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია, საიდანაც სახელფასო სარგოს სახით ერთი წლის განმავლობაში 17 088 ლარი დაერიცხა.

ლევან იოსელიანს საქართველოს პარლამენტის აპარატის წევრობისა და ვიცეს-პიკერის თანამდებობრივი სარგო წელიწადში 61 168 ლარს შეადგენს.

ლევან იოსელიანი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების" მოწვეული ლექტორი/ტრენერი გახლდათ და გასულ წელს, ერთჯერადად 1 025 ლარი დაერიცხა.

2023 წლის დასაწყისში შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ იოსელიანმა ძმისგან საჩუქრად გასულ წელს 7100 ლარი მიიღო.

ინფორმაციისთვის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლე საარჩევნო სიის მიხედვით პარლამენტში ქეთევან თურმაზაშვილი უნდა გახდეს.

თამარ მუკბანიანი