"ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს"

ოპონენტები წერენ - „კახა, კარგია ევროპაში შოპინგი?“ - ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს - ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დადიოდა და მომავალშიც ასე ივლის.

გარდა ამისა, განცხადების დასაწყისში კალაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა და იზოლაციაში იმყოფება.

„რამდენიმე დღეა იზოლაციაში ვიმყოფები. კორონავირუსი დამიდასტურდა. ვაგრძელებ მკურნალობას და ვიმედოვნებ, მომავალი კვირიდან დავუბრუნდები ჩემ სამსახურებრივ საქმიანობას. მინდა ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო გუშინ და ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე. არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. რა თქმა უნდა, ევროპა თითოეული ჩვენგანის არჩევანი და მიზანია. ევროპა ისტორიულად დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლის უზენაესობასთან, ღირსების პატივისცემასთან, ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და დღესაც ვისწრაფვით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეებში ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, წერენ - კახა, კარგია ევროპაში შოპინგი? სიღრმეში არ შევალ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ. ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში გავატარე. ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მილანში. ჩემი წარმატებებიც მილანთან და ევროპასთანაა დაკავშირებული, რითაც ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ევროპული ღირებულებებით ვცხოვრობ. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ტრადიციებით, კულტურით, ამ დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებსაც. ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს“,- განაცხადა კახა კალაძემ.