ბრიტანეთი არალეგალურ მიგრაციას ზღუდავს - რამდენმა ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი ქვეყანაში?

ბრიტანეთში ცნობილი ხდება ახალი კანონის დეტალები, რომელმაც მიგრანტების და თავშესაფრის მაძიებლების ლა-მანშის სრუტის გავლით, პატარა ნავებით ქვეყანაში შესვლა უნდა დაარეგულიროს. ქვეყნის პრემიერი, რიში სუნაკი ამბობს, რომ პრობლემასთან საბრძოლველად მზადაა, თუმცა ახალი კანონპროექტის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს - ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის არაპრაქტიკული იქნება და ათასობით ლტოლვილის ქმედებებს კრიმინალურად აქცევს.

გასულ წელს ინგლისის სამხრეთ სანაპიროდან შესულმა მიგრანტების რიცხვმა 45,000 შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაჩვენებელზე 500%-ით მეტია. სწორედ ამის შემდეგ აქცია ნავებით გადაადგილების შეჩერება რიში სუნაკმა თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

ახალი კანონი გულისხმობს, რომ ყველა, ვინც ამ გზის გავლით ეცდება ქვეყანაში შესვლას, ვერ მიიღებს თავშესაფარს და დეპორტირდება ან საკუთარ სამშობლოში ან ე.წ. უსაფრთხო მესამე ქვეყნებში.

მიგრაციასთან დაკავშირებულმა ემოციურმა ფონმა ბრიტანეთის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ახლა სათავეში მყოფ კონსერვატორების პარტიას იმედი აქვს, რომ ამ მკვეთრად წითელი ხაზის გავლებით მათი პოპულარობა გაიზრდება და რეპუტაციაც ამაღლდება.

თუმცა, კანონი უკვე გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „ღრმად შეშფოთებულია“ ამ წინადადებით, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის უფლების შეზღუდვას თავშესაფრის მოთხოვნაზე, მიუხედავად იმისა, თუ რაზე მეტყველებენ ცალკეული შემთხვევები.

დოკუმენტის პირველ გვერდზე მთავრობა წერს, რომ კანონი შესაძლოა, არ იყოს შესაბამისობაში ბრიტანეთის ვალდებულებებთან ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის წინაშე, რაც მიანიშნებს, რომ მიღების შემთხვევაში მას შესაბამისი შედეგებიც მოჰყვება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრეივმენი ამბობს, ამ ცვლილების შემდეგ შესაძლებელი იქნება მიგრანტების დაკავება გირაოს გარეშე და ისინი, ვინც ბრიტანეთის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ვეღარ ისარგებლებენ ანტი-მონური კანონმდებლობით, რომლის საშუალებითაც მათ უკან გაბრუნების დაბლოკვა შეეძლოთ.

თავშესაფარს მხოლოდ ბავშვები ან ისინი მიიღებენ, ვინც დაავადებულები არიან და ამის გამო არ შეეძლებათ ფრენა ან „სერიოზულ ზიანის რეალური რისკის ქვეშ არიან“.

ახლანდელი მდგომარეობით, პატარა ნავებით ბრიტანეთში მოხვედრილთაგან 2/3 იღებს თავშესაფარს ან ჰუმანიტარული დაცვის სხვა ფორმას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები ეჭვობენ, რომ ეს ცვლილება ვერ იქნება უფრო ეფექტური ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარებულ სხვა ზომებზე, რომლებიც საზღვრის არალეგალური კვეთის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები ბრიტანეთში 20-წლიან მაქსიმუმზეა და 75,000-ს მიაღწია 2022 წელს, მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვნად დაბალია ევროკავშირის საშუალოზე. მაგალითისთვის, მხოლოდ გერმანიამ 240,000 განაცხადზე მეტი მიიღო გასული წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში თავშესაფარს ყველაზე მეტად აზიელები ითხოვენ. შემდეგ მოდის შუა აღმოსავლეთი, ევროპა და აფრიკა. რაც შეეხება საქართველოს, Worlddata-ს ინფორმაციით, 2021 წელს ბრიტანეთში საქართველოს 540-მა მოქალაქემ შეიტანა განაცხადი თავშესაფრის მისაღებად, რომელთაგან მხოლოდ 5 დაკმაყოფილდა.

კახი ჩაკვეტაძე