ზემო ლარსთან დილის საათებში 7-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის შესასვლელთან რუსეთის მიმართულებით კვლავ მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა. ამის შესახებ Telegram-ჩატ „ზემო ლარსისა“ და სხვა Telegram-არხების მომხმარებლები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ. ინფორმაციას საცობის ვიდეოზე დაყრდნობით „იზვესტია“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საცობში ასობით რუსული და ქართულნომრიანი მანქანა არის გაჭედილი.

„საზღვარი ღიაა, თუმცა მცირე საცობია საქართველოს მიმართულებით, ხოლო რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საცობი დიდია. ყველა ადგილზე დგას,“ - წერდა 00:00 საათისთვის Telegram-ჩატ „ზემო ლარსის“ ერთ-ერთი მომხმარებელი.

ამასთან, სერვის Yandex Maps-ის მონაცემებით, 9 მარტს, დილის 1:45 საათისთვის საცობის სიგრძემ 7 კილომეტრს მიაღწია. საქართველოში მცხოვრები რუსები RTVI-ს კორესპონდენტთან საუბრის დროს ზემო ლარსის საგუშაგოზე საცობს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს ცალსახად არ უკავშირებენ და აცხადებენ, რომ საცობები საგუშაგოს არასტაბილური მუშაობის გამო რეგულარულად იქმნება.

ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო 5 მარტიდან ჩაკეტილი იყო და 7 მარტს, საღამო საათებში გაიხსნა. RTVI-ს ცნობით, მუშაობის განახლების შემდეგ ბევრი რუსი, მათ შორის საზღვრის მახლობლად მდებარე პოპულარული სათხილამურო კურორტ გუდაურიდან, სახლში ბრუნდება.

ტელეკომპანია „მოსკვა 24“ იუწყება, რომ მძღოლები, რომლებიც რიგში საზღვართან ახლოს დგანან, თავიანთ ავტომობილებში ადგილებსაც კი ყიდიან. ტელეკომპანიამ და სხვა Telegram-არხებმაც საცობი თბილისში მომხდარ საპროტესტო აქციებს დაუკავშირა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ