"ამ კანონმა ქვეყანას უკვე დიდი რეპუტაციული ზიანი მოუტანა" - ექსპორტის განვითარების ასოციაცია

„კანონის შინაარსსაც არ აქვს მნიშვნელობა, რადგან უკვე დიდი რეპუტაციული ზიანი მოუტანა ქვეყანას“, - ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, გვანცა მელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ეს ძალიან გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენ გვიცნობდნენ, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას და ახალ ბაზრად, რომელსაც შეუძლია გარკვეული ბრენდული პროდუქცია მიაწოდოს განვითარებულ ქვეყნებს. თუმცა ჯერ ამას ვერ ვახერხებთ, რადგან პატარა, ახალი ბაზარი ვართ და კონკურენცია ძალიან დიდია, შესაბამისად ეს ზიანი პირდაპირ აისახება ჩვენს ვაჭრობაზე.

აღარ გავიხსენებთ იმ ტიპის განცხადებებს მთავრობის მხრიდან, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს. დაახლოებით, ჩვენმა წევრმა 4-მა კომპანიამ შეგვატყობინა, რომ ევროპაში გაფორმებული კონტრაქტები შეუწყვიტეს. ევროპაში სუპერმარკეტის თაროზე მოხვედრა არის ძალიან დიდი გამოწვევა, ძალიან დიდი შრომისა და ინვესტიციის შედეგი და ასე მარტივად ამ ყველაფრის დაკარგვა ძალიან დასანანია“ - თქვა გვანცა მელაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წინააღმდეგობისა და დაპირისპირების ფონზე განიხილა. კანონს დასავლური ინსტიტუტები და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგებოდა, რადგან მას შესაძლოა, საფრთხე შეექმნა საქართველოს ევროკავშირში სამომავლო ინტეგრაციისთვის.

თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტს კანონპროექტისთვის პირველი მოსმენით კენჭი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა ეყარა, თუმცა ეს დაჩქარებული წესით 7 მარტს მოხდა. კანონს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და „რუსული კანონის“ მიღება გააპროტესტა, რასაც დაპირისპირება და მშვიდობიანი მოქალაქეების სპეცრაზმით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაშლა მოჰყვა.

მოგვიანებით, მასობრივი პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების პროტესტის შედეგად, „ხალხის ძალამ“, „ქართულმა ოცნებამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივი განცხადებით ამცნო საზოგადოებას, რომ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს - „მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი. ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან“, - ეწერა განცხადებაში.

კახი ჩაკვეტაძე