Goldman Sachs: ოქროს, ალმასისა და თუთიის მარაგი 20 წელიწადში ამოიწურება

პლატინის, სპილენძისა და ნიკელის მარაგი კი მხოლოდ 40 წლის სამყოფი არის დარჩენილი

ამერიკული საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, დედამიწაზე ოქროს, ალმასისა და თუთიის მარაგი მხოლოდ 20 წლის სამყოფიღა არის. მათივე თქმით, პლატინის, სპილენძისა და ნიკელის რეზერვები კი 40 წლის შემდეგ ამოიწურება.

”დედამიწის ქერქზე ლითონების ძალიან დაბალი კონცენტრაციისა და არცთუ დიდი ოდენობით მაღალი ხარისხის ლითონის მომპოვებელი ადგილების კომბინაციის საფუძველზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი ლითონი მართლაც იშვიათი იქნება წლების შემდეგ”, - განაცხადა Goldman Sachs-ის ექსპერტმა იუჯინ კინგმა.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2015 წელს ოქროს მოპოვება პიკს მიაღწევს, თუმცა შემდეგ თანდათან დაიწყებს კლებას.

ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, 2014 წელს ოქროს წარმოება ოქროს მოპოვების ადგილებში 2%-ით გაიზარდა. თუმცა, ამავდროულად, ოქროზე მოთხოვნა შემცირდა იუველირებისა და მწარმოებელთა მხრიდან.

გასულ კვირის ბოლოს ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ოქროს ფასმა უნციაზე 1190 დოლარს მიაღწია.