საქართველოში ფულადი გზავნილები ინვესტიციებს  2-ჯერ აღემატება

2022 წელი საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა (FDI) და გადმორიცხული ფულადი გზავნილების კუთხით რეკორდული იყო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში გზავნილები FDI-ის მოცულობას თითქმის 2-ჯერ აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს, 1.24 მილიარდ აშშ დოლარს 61.1%-ით აღემატება.

საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.

„რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 686.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. რეინვესტიციის მოცულობა გაზრდილია 1.7-ჯერ და შეადგენს 1 289 მლნ დოლარს. როგორც ჩანს, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.5% შეადგინა“, - წერია საქსტატის ანგარიშში.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა ინვესტიციებში 48% შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4%-ით, მეორეზე - ესპანეთი 18.3%-ით, ხოლო მესამეზე - აშშ 8.2%-ით.

2022 წლის მონაცემებით, საქართველოს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • გაერთიანებული სამეფო - 428.3 მლნ აშშ დოლარი;
  • ესპანეთი - 367 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ - 163.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ნიდერლანდები - 145.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ირლანდია - 120.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი - 108.5 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 106.5 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი - 86.4 მლნ აშშ დოლარი;
  • რუსეთი - 71 მლნ აშშ დოლარი;
  • იაპონია - 68.7 მლნ აშშ დოლარი.

ამასთან, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2022 წელს 56.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 406.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორი 197 მლნ აშშ დოლარით.

გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმაც, რაც, დიდწილად, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ქვეყანაში რუსი მიგრანტების მასობრივ შემოსვლას უკავშირდება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 4.37 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 2.35 მლრდ დოლარზე თითქმის 86%-ით მეტია. ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც 118.5%-ით აღემატება.

გასაკვირი არაა, რომ წელს ყველაზე დიდი ოდენობით თანხა, 2.07 მლრდ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს, 411.4 მლნ დოლარს, 402.6%-ით აღემატება.

რუსეთის შემდეგ ტოპ-5 გადმომრიცხავის სიაში 431.6 მილიონით იტალიაა, შემდეგ აშშ 326.99 მილიონით, საბერძნეთი 223.9 მილიონით და ისრაელი 199 მილიონით.

blue-and-black-bar-chart-presentation-1673868622-1678442405.jpg

კახი ჩაკვეტაძე