რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო ბინადრობის ნებართვა საქართველოში

2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება რუსეთის 7 860 მოქალაქემ მოითხოვა. აღნიშნულ მონაცემებს იუსტიციის სამინისტრო პარლამენტის წევრს პაატა მანჯგალაძეს სადეპუტატო კითხვის პასუხად უგზავნის.

უწყების ცნობით, გასულ წელს ჯამში გაკეთებული 7 860 განაცხადიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე დაკმაყოფილდა 3 297 განცხადება. აქედან, 1 666 განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებით უფლებას (ყოფილი საქართველოს მოქალაქე) შეეხებოდა, ხოლო 1 625 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ IDFI-მ გამოაქვეყნა პუბლიკაცია თუ როგორი იყო რიცხვებში რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე. მათ შორის მოცემულია სტატისტიკა ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1 598 მოქალაქეზე. ხოლო უარი 434 მოქალაქეს ეთქვა.

ამასთან, მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვებისა და რუსეთ-საქართველოს მოქალაქეების ქორწინების სრული წლის სტატისტიკა არ მიაწოდა.

თაია არდოტელი