აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად რუსეთის წინააღმდეგ ახალ ნაბიჯებს დგამენ

აშშ-ის ადმინისტრაცია და ევროკავშირის წარმომადგენლები ახალ ნაბიჯებს დგამენ, რათა მესამე ქვეყნებმა ხელი არ შეუწყონ რუსეთს, მის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს გვერდი აუაროს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა დააწესეს უპრეცედენტო კოორდინირებული და ეფექტური სანქციები, ასევე მიიღეს სხვა ეკონომიკური ზომები რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის „დამატებით შესუსტების“ მიზნით. „ჩვენ ვაღრმავებთ ერთობლივ მუშაობას, რათა აქტიურად განვახორციელოთ ჩვენი სანქციები და საექსპორტო შეზღუდვები, ასევე შევაკავოთ მათი გვერდის ავლისა და რუსეთის მხრიდან მეორადი გამოყენების პროდუქციაზე წვდომა. ჩვენ ერთობლივად ვდგამთ ახალ ნაბიჯებს მესამე ქვეყნების დამატებითი აქტორების წინააღმდეგ, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხარდაჭერა ომის წარმოებაში პლანეტის ნებისმიერი ნაწილიდან“- ნათქვამია განცხადებაში, თუმცა რა სახის ახალ ზომებზეა საუბარი, არ არის დაზუსტებული.

„ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, რათა კიდევ უფრო შევზღუდოთ რუსეთის შემოსავლები G7-ის ნავთობი ფასის ჭერის შემოღებით, ხოლო ამავდროულად შევინარჩუნოთ ენერგომატარებლების მიწოდება ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებში“, - განაცხადეს ბაიდენმა და ფონ დერ ლაიენმა.

კოკა კვირკველია