უკრაინის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა

2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება უკრაინის 192 მოქალაქემ მოითხოვა. აღნიშნულ მონაცემებს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს და პარლამენტის წევრს პაატა მანჯგალაძეს სადეპუტატო კითხვის პასუხად უგზავნის.

უწყების ცნობით, გასულ წელს ჯამში გაკეთებული 192 განაცხადიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე დაკმაყოფილდა 78 განცხადება. აქედან, 32 განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებით უფლებას (ყოფილი საქართველოს მოქალაქე) შეეხებოდა, ხოლო 46 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.

ამასთან, სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასულ, 2022 წელს უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით გაკეთებული 55 განცხადება არ დაკმაყოფილდა; 14 - განუხილველად დარჩა; 40 განცხადება - განხილვაშია; 4 განაცხადის შემთხვევაში დასკვნა მზადდება; ხოლო 1 განაცხადის განხილვა შეჩერებულია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი უკრაინის 19 მოქალაქის მხრიდან დაფიქსირდა. აქედან 17 განხილვაშია, საიდანაც 14 განაცხადი უკრაინის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას გულისხმობს. ამასთან, 2 განაცხადის განხილვა შეჩერებულია.

ცნობისთვის, ამავე ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღება რუსეთის 7 860 მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც დაკმაყოფილდა 3 297 განცხადება. აქედან, 1 666 განაცხადი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებას (ყოფილი საქართველოს მოქალაქე) შეეხებოდა, ხოლო 1 625 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა.

თაია არდოტელი