დიდ ბრიტანეთში მოგზაურებისთვის წინასწარი ავტორიზაცია სავალდებულო ხდება

დიდ ბრიტანეთში, უვიზო რეჟიმით მოსარგებლეების გარდა, წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია (ETA) ყველა მოგზაურისთვის სავალდებული ხდება, რაც ათწლეულების განმავლობაში სასაზღვრო წესების ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ქვეყანაში.

ცვლილება ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხებათ და ძალაში 2024 წლის ბოლოდან შევა. გამონაკლისი იქნებიან ბრიტანული და ირლანდიური პასპორტის მქონეები, ასევე ბრიტანეთში დაფუძნებულების სტატუსის მქონენი და ცხოვრების/სწავლის უფლების მქონეები.

როგორც მთავრობაში ამბობენ, სქემა მიზნად ისახავს სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ანალოგიურია აშშ-სა და კანადის მოდელისა. ხელისუფლების წარმომადგენლების თანახმად, ახლანდელი წესები არაა საკმარისი ზუსტი მონაცემების მოსაპოვებლად იმ ხალხზე, რომლებიც ქვეყანაში შედიან და გამოდიან.

ETA-ის საფასური ჯერ დადგენილი არაა, თუმცა მოსალოდნელია, რომ იმავე საფასო კატეგორიაში იქნება, რაც აშშ-შია. ამერიკაში ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 21 დოლარია.

აღსანიშნია, რომ ელექტრონული ავტორიზაციის სისტემის (EITAS) დანერგვა ევროკავშირშიც იგეგმება 2024 წლიდან.

ცნობისთვის, ბრიტანეთში ახალი კანონის მიღება იგეგმება, რომელმაც მიგრანტების და თავშესაფრის მაძიებლების ლა-მანშის სრუტის გავლით, პატარა ნავებით ქვეყანაში შესვლა უნდა დაარეგულიროს. ქვეყნის პრემიერი, რიში სუნაკი ამბობს, რომ პრობლემასთან საბრძოლველად მზადაა, თუმცა ახალი კანონპროექტის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს - ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის არაპრაქტიკული იქნება და ათასობით ლტოლვილის ქმედებებს კრიმინალურად აქცევს.

გასულ წელს ინგლისის სამხრეთ სანაპიროდან შესულმა მიგრანტების რიცხვმა 45,000 შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაჩვენებელზე 500%-ით მეტია. სწორედ ამის შემდეგ აქცია ნავებით გადაადგილების შეჩერება რიში სუნაკმა თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

ახალი კანონი გულისხმობს, რომ ყველა, ვინც ამ გზის გავლით ეცდება ქვეყანაში შესვლას, ვერ მიიღებს თავშესაფარს და დეპორტირდება ან საკუთარ სამშობლოში ან ე.წ. უსაფრთხო მესამე ქვეყნებში.

კახი ჩაკვეტაძე