რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რობოტი გახდა

ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკეს მრჩეველი გახდა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

რობოტს სარკის სახე აქვს. მას „ION” ეწოდა. რობოტი-სარკე რუმინელმა დეველოპერებმა შექმნეს. ის სოციალურ ქსელებში მოსახლეობის შეტყობინებებს შეაგროვებს, ინფორმაციას გააანალიზებს, ანგარიშებს მოამზადებს და მთავრობას განსახილველად წარუდგენს.

რუმინეთის მთავრობა მოელის, რომ რობოტი-სარკის დახმარებით საზოგადოებრივი აზრის შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში მიიღებს. ხელისფლებაში ვარაუდობენ, რომ რობოტი-სარკე პოლიტიკოსებს გადაწყვეტილების მიღებაშიც დაეხმარება, როგორც ეროვნულ საკითხებზე, ასევე, საერთაშორისო საქმეებში.

2021 წლის თებერვალში გერმანელ და ავსტრალიელ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანების მანიპულირება შეუძლია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ