”მარშრუტკებში” მგზავრთა ფეხზე დგომის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

”ეს პრობლემა მთელი სიმწვავით დგას და სახელმწიფოს მხრიდანაც არაფერი კეთდება, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს”

”განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როდესაც მიკროავტობუსი ფეხზე მდგომი მგზავრებით ”გადაჭედილია”, მაგრამ მძღოლი მაინც აჩერებს და ყოფილა შემთხვევა, თითქმის 10-15-მდე ფეხზე მდგომი ადამიანით გვიმგზავრია”, - მოქალაქეები ”მთელ კვირასთან” საუბრისას ყვითელ მიკროავტობუსებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ.

ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია, სადაც მოქალაქეებმა უკვე  დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ”მარშრუტკებში” მგზავრების ფეხზე დაყენების აკრძალვის მოთხოვნით.

”მგზავრებისთვის შემაწუხებელია მძღოლების გაუმაძღარი მიდგომა მგზავრობის საკითხთან დაკავშირებით. ავსებენ ბოლომდე მანქანებს მეტი ფინანსური სარგებლის მიზნით, რის გამოც  მოქალაქეები უჰაერობითა და საშინელი სუნით ან სიბინძურით ვზარალდებით”, - წერია პეტიციაში.

ამ დროისთვის პეტიციაზე უკვე 400-ზე მეტი ხელმოწერაა. ინიციატორთა მიზანია 5000 ხელმოწერის შეგროვება, რათა შემდეგ მერია აიძულონ, ეს პრობლემა მოაგვაროს.

”საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძოდ მიკროავტობუსებით ხშირად ვმგზავრობ. სამარშრუტო ტაქსი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ცუდია იმ მხრივ, რომ ყოველთვის გატენილია და ფეხზე მდგომს მიწევს მგზავრობა”.

”ხშირად, როგორც წესი, 10-15 ფეხზე მდგომი მგზავრით ”გადაჭედილი” მოძრაობს ”მარშრუტკა”, რაც აუტანელია. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მწვავედ დილის ან საღამოს საათებშია”.

”ხშირად არის მგზავრების მხრიდან შენიშვნა, რომ არასწორი და შემაწუხებელია ასე მგზავრობა, თუმცა, მძღოლი არაფრად აგდებს ჩვენს თხოვნასა თუ მოთხოვნას და მაინც აგრძელებს ”მარშრუტკის” გაჭედვას მაშინ, როდესაც ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ არის ხოლმე”.

”მძღოლების პოზიცია ამ საყვედურების შემთხვევაში არის, რომ მისი მოვალეობაა ”მარშრუტკა” გააჩერონ, რადგან მგზავრს ქუჩაში ვერ დატოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო ამაზე განცხადებები, ჩვენი, მოქალაქეების პროტესტი, არაფერი შეცვლილა. თითქოს ადრე რაღაც ჯარიმებს აწესებდნენ ფეხზე მდგომი მგზავრების გამო, თუმცა დღეს ეს პრობლემა კვლავ მთელი სიმწვავით დგას და სახელმწიფოს მხრიდანაც არაფერი კეთდება, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს”, - აცხადებენ ჩვენთან საუბრისას მოქალაქეები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსმა” ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. იმის გასარკვევად, თუ რატომ ხდება ”მარშრუტკების” ასე გადავსება, რატომ არ მოქმედებს ჯარიმების სისტემა მსგავს შემთხვევებში, როგორ ან როდის შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა ყვითელ მიკროავტობუსებში, ”მთელმა კვირამ” თბილისის მერიას მიმართა.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ მამულაშვილმა განგვიცხადა, დიდი რაოდენობით მგზავრთა ფეხზე დგომას როგორც მიკროავტობუსებში, ასევე ავტობუსებში იწვევს ის, რომ დედაქალაქში საკმარისი რაოდენობის სატრანსპორტო საშუალება არ არის.

”ამჟამად დედაქალაქში მოქმედი ავტობუსების მარშრუტები მოსახლეობის გაზრდილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაჯდომით მგზავრობა მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელია და მიუხედავად ავტობუსებში დაწესებული შეღავათიანი ტარიფისა, მოსახლეობა მაინც არჩევს პირდაპირ მგზავრობას გადაჯდომის გარეშე. ამან კი მიკროავტობუსებზე მოთხოვნის გაზრდა და გადატვირთვა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ გამომშვებ ქარხანა-დამამზადებელს დადგენილი აქვს, რომ მხოლოდ 5-6 მგზავრის ფეხზე დგომაა რეკომენდებული, პიკის საათებში მოჭარბებული მგზავრთა ნაკადის გამო ფეხზე დგომით უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა ხდება. ანალოგიური მდგომარეობაა ავტობუსებშიც, რომელიც ასევე გადატვირთულია და მომლოდინე მგზავრი ზოგჯერ იძულებულია მიკროავტობუსით იმგზავროს, რაც ასევე ტრანსპორტის გადატვირთვას იწვევს.

მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ახალი კომფორტული ავტობუსების შემოყვანისთვის და ახალი სამარშრუტო სქემის შედგენისათვის ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ახალი სამარშრუტო სქემის დაკომპლექტებისას მოსახლეობა სრულყოფილად იქნება უზრუნველყოფილი სატრანსპორტო მომსახურებით და შესაბამისად, დღის წესრიგიდან მოიხსნება მიკროავტობუსებში მგზავრთა გადატვირთვის საკითხი.

ამჟამად კი, ახალი სამარშრუტო სქემის შემუშავებისა და დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების დამატებამდე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით (მიკროავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ კომპანიებთან გარკვეულ სამუშაოებს ატარებს.

კერძოდ, მიმდინარეობს მიკროავტობუსების მარშრუტებზე რეალური ინტერვალების დადგენა და მათი სამუშაო რეჟიმების შეცვლა, რაც შედარებით განტვირთავს მდგომარეობას (ანუ რეალურად მეტი ბრუნი შესრულდება არსებული რესურსით. აღნიშნულმა გარკვეული შედეგები ზოგიერთ მარშრუტებზე უკვე მოგვცა).

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მაქსიმალურად მიადევნებს თვალყურს საკითხის მოწესრიგების მიმდინარეობას და გააკონტროლებს კომპანიებთან ერთად, რომ მიკროავტობუსებში გმზავრთა ნაკადი არ აღემატებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ რაოდენობას”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ მამულაშვილმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო საშუალებებში გადატვირთვა მიუღებელია, თუმცა თუნდაც ჯარიმების საშუალებით ამის აკრძალვის შემთხვევაში, დამატებით ათასობით მგზავრის გადაყვანის პრობლემა შეიქმნება.

”მიკროავტობუსში ფეხზე დგომის საერთოდ აკრძალვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ამ ეტაპზე გონივრულად უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავდგებით ფაქტის წინაშე, რომ გადასაყვანი გვეყოლება დამატებით ათასობით მგზავრი, რისი გადაყვანის საშუალებაც, სამწუხაროდ, დღეს არსებული სატრანსპორტო საშუალებების გათვალისწინებით შეუძლებელია.

აღნიშნული პრობლემის მოსაწესრიგებლად გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილია. ხელის შემშლელი პროცესების გამოკვეთის შემთხვევაში, სამსახური გაატარებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული პრობლემა გლობალურია, მისი საბოლოო მოწესრიგება მოხდება ახალი ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანისა და ახალი სატრანსპორტო სქემის ამუშავებიდან”, - ამბობს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

მისივე თქმით, ზაფხულის მოახლოების გამო მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, მუშაობა მიდის, რომ ყველა მიკროავტობუსში შემოწმდეს კონდიცირების სისტემა და ამის პრობლემა არ იყოს.

თაია არდოტელი

გაზეთი ”რეზონანსი”