უმსხვილესი საბანკო კრახი 2008 წლის შემდეგ - რატომ გაკოტრდა ამერიკული Silicon Valley Bank

გასულ კვირას აშშ-ში სიდიდით მე-16 ბანკი - Silicon Valley Bank (SVB) გაკოტრდა. ბანკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია ტექნოლოგიურ სამყაროში და ყველაზე მსხვილი კრედიტორია, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კრახი განიცადა. ეს ასევე მეორე უმსხვილესი საბანკო კოლაფსია აშშ-ს ისტორიაში.

SVB საბანკო სერვისს აშშ-ს ვენჩურული კაპიტალით მოსარგებლე ტექნოლოგიური და სამეცნიერო კომპანიების ნახევარს და 2,500-მდე ვენჩურული კაპიტალის ფირმას აწვდიდა, მისი კოლაფსის შემდეგ კი შოკურმა ტალღებმა მთლიანად ტექნოლოგიური ინდუსტრია, უოლ სტრიტი და ვაშინგტონი მოიცვა.

რა ვიცით ამ ამბის შესახებ და რამ მიიყვანა Silicon Valley Bank აქამდე?

2020 წელი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ოქროს პერიოდი იყო, რადგან მომხმარებლებმა ციფრულ სერვისებზე და მოწყობილობებზე მეტის ხარჯვა დაიწყეს. ამ დროის განმავლობაში ბანკმა ძალიან ბევრი და დიდი დეპოზიტი მიიღო, ხოლო საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნა.

ტექნოლოგიური სტარტაპებისგან მიღებული თანხით ბანკმა გააკეთა ის, რასაც მისი კონკურენტები აკეთებდნენ - შეინახა დეპოზიტების მცირე ნაწილი ნაღდი ფულის სახით და დანარჩენი სახაზინო ობლიგაციების შესაძენად გამოიყენა. დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ამ ინვესტიციებით ბანკს სტაბილური, მცირე უკუგება უნდა ჰქონოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ბანკში ვერ გაითვალისწინეს, თუ რა ხდებოდა უფრო ფართოდ ეკონომიკაში, რომელიც პანდემიის სტიმულით გადახურებული იყო.

SVB აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც ფედერალურმა რეზერვმა (Fed) ინფლაციასთან საბრძოლველად განაკვეთების ზრდა დაიწყო. შესაბამისად, ერთ დროს თითქოსდა უსაფრთხო ინვესტიციები ნაკლებად მიმზიდველი გახდა, რადგან მთავრობამ ახალი ობლიგაციების გამოშვება დაიწყო, რომლებმაც უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია.

საქმე ისაა, რომ ობლიგაციებზე განაკვეთების ზრდა უარყოფითად მოქმედებს და მათი ფასების კლებას იწვევს. Fed-ის მიერ აგრესიული მონეტარული პოლიტიკის არჩევის შემდეგ კი ბანკის პორტფელის ღირებულება საგრძნობლად შემცირდა.

შეფერხდა სტარტაპების დაფინანსება, რამაც ბანკის კლიენტებს აიძულა თანხის გამოტანა დაეწყოთ. მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბანკს საკუთარი ინვესტიციების ბევრად უფრო ნაკლებ ფასად გაყიდვა მოუწია.

თუმცა, ბანკის ყველა პრობლემა საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან არაა დაკავშირებული. ბანკის მრავალმხრივმა უნიკალურობამ მის დაღმასვლას შეუწყო ხელი. მისი კლიენტების დიდი რაოდენობა არ იყო დაზღვეული და წარმოადგენდნენ ინვესტორებს, რომელთა მხრიდანაც დიდი იყო ალბათობა თანხების მასობრივი გატანისა ტურბულენტური სიტუაციის დროს.

როდესაც SVB-ის დიდი დანაკარგის შესახებ გახდა ცნობილი, ტექნოლოგიური ინდუსტრია პანიკამ მოიცვა და სტარტაპებმა საკუთარი თანხების გატანა დაიწყეს.

ბანკის ბოლო მცდელობები ახალი სახსრების მოძიებისთვის და მყიდველის საპოვნელად წარუმატებელი აღმოჩნდა. აშშ-ის ხელისუფლებამ ბანკი ოფიციალურად დაისაკუთრა და 175 მილიარდი დოლარის დეპოზიტების მართვა აშშ-ს დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციას გადააბარა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კონგრესმა დოდ-ფრანკის ფინანსური რეგულაციის პაკეტი მიიღო, რომლის მიზანიც ამგვარი კოლაფსებისგან თავის დაცვაა.

მართალია, SVB-ის აქტივები აშშ-ს სხვა მსხვილ ბანკებთან შედარებით მცირეა და 209 მილიარდ დოლარს შეადგენს, განსხვავებით JPMorgan-ის 3 ტრილიონისგან, თუმცა მისმა კრახმა მაინც გააჩინა ეჭვები, რომ შიშები სხვა ბანკების მომხმარებლებშიც გაჩნდებოდა. მიუხედავად ამისა, უმსხვილესი ბანკების, JPMorgan-ის, Wells Fargo-სა და Citigroup-ის აქციები მნიშვნელოვნად არ გაუფასურებულა.

Silicon Valley Bank-ის გაკოტრება კიდევ უფრო ზრდის აშშ-ში მღელვარებას, რომელიც გასულ კვირაში კიდევ ერთი კრიპტობანკის, Silvergate Capital Corp-ის გაკოტრებამ კიდევ უფრო გაზარდა.

სხვა ბანკებზე ეფექტის გავრცელების შეჩერებისთვის აშშ-ს ფინანსურმა რეგულატორებმა ზომების მიღება უკვე დაიწყეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა კლიენტს საკუთარ დეპოზიტებზე წვდომა უკვე დღეიდან, ორშაბათიდან ექნება.

ამბავს ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამერიკელ ხალხსა და ბიზნესებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან მათი საბანკო დეპოზიტები ადგილზე იქნება, როდესაც ის მათ დასჭირდებათ“.

კახი ჩაკვეტაძე