საინვესტიციო აქტივობა წელსაც მაღალი იქნება - tbc კაპიტალის პროგნოზი

2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. მაღალი საინვესტიციო აქტივობის მოლოდინი აქვს 2023 წელსაც „თიბისი კაპიტალს“.

მთავარი ეკონომისტის განახლებაში წერია, რომ მატება არა მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე იყო, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი ინვესტიციების შემოდინება, რასაც „თიბისი კაპიტალი“ დადებითად აფასებს.

"2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ მატება არა მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე იყო, როდესაც მიღებული მოგების კომპანიის საქმიანობაში დაბანდება ხდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი ინვესტიციების შემოდინება. ეს დინამიკა ლოგიკურია, რადგანაც ზოგადად, მაღალი ეკონომიკური ზრდისას, საინვესტიციო და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნას უფრო დროითი ჩამორჩენა ახასიათებს. ამდენად, ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო აქტივობა წელსაც მაღალი იქნება. ამასთან, ხელისშემშლელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია, როგორც ლარში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ვალუტაში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება, მიგრაციის ნაკადსა და ლარის გამყარების მდგრადობასთან დაკავშირებული კითხვები. ეს უკანასკნელი მათ შორის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება უმეტესწილად უცხოურ ვალუტაშია", - წერია ყოველკვირეულ განახლებაში.

თამარ მუკბანიანი